Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისო მუთოშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ


პანკისში, სოფელ საკობიანოში, 37 წლის ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არბი ქავთარაშვილს 11 წლით, ხოლო მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ რამაზ ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა გამოაცხადა.

პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასამართლო სხდომა ბრალდების და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით დაიწყო, რის შემდეგაც მოსამართლემ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ორივე ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებულთა უფლებადამცველი ტარიელ კაკაბაძე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

ადვოკატის თქმით, მტკიცებულებების გამოკვლევით დადგინდა, რომ დაჭრილი პირის მიმართ ხანგოშვილს არ გაუსვრია. ხოლო ქავთარაშვილს განზრახ მკვლელობის მიზანი არ ჰქონია.

არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი 2019 წლის 1 დეკემბერს დააკავეს განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ახალგაზრდებს შორის 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს.

ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის - მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის გაგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდებოდა.

ადგილობრივი ტრადიციის მიხედვით, სასამართლო განხილვების პარალელურად, ორი გვარის, მუთოშვილებისა და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის შერიგების რამდენიმე უშედეგო მცდელობა იყო.

მუთოშვილებთან მოლაპარაკებას ცდილობდნენ ხეობის მოსახლეობის ნაწილი და უხუცესები. შერიგების ერთ-ერთ ასეთ მცდელობას ესწრებოდა ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაულიც. ამ შემთხვევაშიც მუთოშვილების ოჯახმა შერიგებაზე უარი თქვა და შარიათის კანონის დამორჩილებისა და სისხლის აღების წესი დატოვა ძალაში.

ასევე ნახეთ: პანკისში ქავთარაშვილების სახლი დაცხრილეს

პანკისში ორი გვარის შერიგების მორიგი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG