Accessibility links

შატილთან მომხდარი ავარიისას გადარჩენილების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია


პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განმარტებით, 23 აგვისტოს შატილთან მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. მედიასთან საუბარში ლევან რატიანმა განაცხადა, რომ შეინიშნება დადებითი დინამიკა.

„სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორული მხრივ და ასევე ზოგადი მდგომარეობის მხრივ. ვინაიდან ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, ასევე ჩვენდა და მათ საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანას და გუგის რეფლექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, არის დადებითი დინამიკა, თავის ტვინს სიცოცხლე შენარჩუნებული აქვს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ის იმედოვნებს, რომ პაციენტები გადარჩებიან. მანამდე კი აცხადებდა, რომ სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები.

„ვიმედოვნებთ, რომ ამ რთულ გზას, რაც ამ პაციენტებმა გამოჯანმრთელებისკენ უნდა გაიარონ, ბეწვის ხიდზე, რა თქმა უნდა, ალბათ, წარმატებით გავივლით მათთან ერთად“, - თქვა ლევან რატიანმა.

23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა. 17 ადგილზე დაიღუპა. სამის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო.

მომხდარი ტრაგედიის გამო, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG