Accessibility links

logo-print logo-print

აჭარაში კაფეების და კლუბების თანამშრომელთა ტესტირების ყველა პასუხი ჯერჯერობით უარყოფითია


ბათუმსა და ქობულეთში გრძელდება კორონავირუსზე ტესტირების მსურველი მოქალაქეების უფასო გამოკვლევა. ზღვის სანაპიროსთან ახლოს, 21 აგვისტოდან გახსნილ 3 კარავში ნიმუშები უკვე აუღეს 214 მოქალაქეს. PCR-ტესტირებით არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ბათუმში, ბულვარის კოლონადებთან და არდაგანის ტბასთან, "აჭარული სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე და ქობულეთში, ზღვისპირა პარკში განთავსებულ სპეციალურ კარვებში მოქალაქეებს ნიმუშს უღებენ 17:00-დან 22:00 საათამდე.

აჭარაში მიმდინარეობს ზღვის სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარების, ღამის კლუბებისა და ბუნგალოების მომსახურე პერსონალის ტესტირებაც. უკვე გამოკვლეული 157 თანამშრომლიდან ყველას პასუხი უარყოფითია.

კერძო სექტორის წარმომადგენელთა შემთხვევაში, ტესტირების საფასურის მესამედს კაფე-ბარების და კლუბების მფლობელები იხდიან, დანარჩენს კი, სახელმწიფო. საქართველოში კორონავირუსზე PCR-ტესტირება 150-250 ლარი ღირს.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აჭარის ზღვისპირეთში ტესტირების გაფართოება 19 აგვისტოს გადაწყვიტა ტურისტული სეზონის გააქტიურების გამო. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კორონავირუსით ქობულეთის კაფე "ჰავანის" თანამშრომლის დაინფიცირება.

გაფართოებული ტესტირება ინტენსიური ტურისტული სეზონის ბოლომდე გაგრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG