Accessibility links

ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას — ბურჯანაძე „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე


პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო რუსულ დაფინანსებაზე „ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას“. ამის შესახებ ბურჯანაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

„არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში განსაკუთრებული რა მცდელობა სჭირდება რუსეთს, რომ საქართველოს არჩევნებში ჩაერიოს“, - ამბობს ნინო ბურჯანაძე და განაგრძობს: „მე ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, „პატრიოტთა ალიანსი“ პირველ რიგში უნდა იყოს დაინტერესებული, რომ ნათელი მოეფინოს ამ ბრალდებას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ნორმალური ქვეყანა უკვე დაიწყებდა გამოძიებას ასეთ ბრალდებასთან დაკავშირებით. მარტო იმ შემთხვევაში კი არა, როდესაც საუბარია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენ ტერიტორია, არამედ იმ შემთხვევაშიც, ეს რომ მეგობარი სახელმწიფო იყოს, იმიტომ, რომ კანონით აკრძალულია უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიღება“.

25 აგვისტოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ გენერალურ პროკურატურას მიმართა და „პატრიოტთა ალიანსის“ შესაძლო რუსულ დაფინანსებასთან დაკავშირებით. ის ითხოვს, საქმე აღიძრას ყოფილი რუსი პოლიტპატიმრის, მიხეილ ხადარკოვსკის ორგანიზაცია „დოსიეს“ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული არიან რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მართული ადამიანები და ამაში, შესაძლოა, რუსული ფული იხარჯებოდეს.

საქართველოს კანონმდებლობა პარტიებს და კანდიდატებს უკრძალავს შემოწირულობების მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, კომპანიებისგან თუ სახელმწიფო უწყებებისგან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG