Accessibility links

11 წლის ბიჭის მიმართ ოჯახში ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება არ შემოსულა – შსს


სახლი თერჯოლის რაიონში, სადაც გარდაცვლილი 11 წლის ბიჭი ცხოვრობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებას არ ჰქონდა ინფორმაცია თერჯოლის რაიონში, 11 წლის ბიჭის მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ, რომელიც 23 აგვისტოს გარდაცვლილი იპოვეს.

საგამოძებო უწყების ინფორმაციით, პოლიციაში განცხადება ან შეტყობინება არ შესულა და შესაბამისად, ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

გარდაცვლილი ბავშვის ბებიის თქმით, სანამ მისი ქალიშვილი 9 წლის წინ ემიგრაციაში წავიდოდა, ის სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო, ამის შესახებ პოლიციაშიც არაერთხელ განაცხადა, თუმცა, მისი თქმით, ფაქტებს რეაგირება არ მოჰყოლია.

შსს აცხადებს, რომ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა. უწყება დამატებით არ განმარტავს რას ეხებოდა კონფლიქტი და კონკრეტულად რა რეაგირება მოჰყვა პოლიციის მხრიდან.

გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულ მამასა და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, "რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი ზომები", თუმცა უწყება დამატებით არც აქ განმარტავს რას შეეხებოდა კონფლიქტი და რა ზომები გატარდა პოლიციის მხრიდან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება", - აცხადებს შსს.

თერჯოლის რაიონში 11 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს 23 აგვისტოს. საქმეზე დაკავებულია ბიჭის მამა, რომელიც გამოძიების მტკიცებით, შვილზე სისტემატურად ძალადობდა. საქმე თვითმკვლელობამდე მიიყვანის მუხლით აღიძრა.

წაიკთხეთ მეტი: თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - ვინ რა იცოდა 11 წლის ბავშვის შესახებ?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG