Accessibility links

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ზეიმობენ რუსეთის მიერ მათი დამოუკიდებლობის აღიარების დღეს


რუსეთის საელჩო ოკუპირებულ ცხინვალში

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღნიშნავენ რუსეთის მიერ მათი „დამოუკიდებლობის“ აღიარებიდან მე-12 წლისთავს.

საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან მალევე, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

რუსეთის ამ გადაწყვეტილებას "იურიდიულად დასაბუთებული და მორალურ-ეთიკური, ჰუმანური და ადამიანური პოზიციებიდან უზადო" უწოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. მან რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან მე-12 წლისთავისადმი მიძღვნილ შეკრებაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის ხალხი თავის მომავალს ხედავს მხოლოდ რუსეთთან ერთად“ და „თანმიმდევრულად უჭერს მხარს რუსეთთან ინტეგრაციის გაღრმავებას“. ბიბილოვის თქმით, „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთის შორის „საზღვარი“ რუკაზე პირობით ხაზად უნდა იქცეს.

რუსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აღნიშნვენ გამოფენებით, კონცერტებით და ავტოგარბენით. 26, 27 და 28 აგვისტო უქმე დღეებად გამოაცხადეს.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში რუსეთის მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას კონცერტებით და ყოფილი „პრეზიდენტების“, ვლადისლავ არძინბას და სერგეი ბაღაფშის საფლავების გვირგვინებით შემკობით აღნიშნავენ.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, დაურ კოვემ სააგენტო „აფსნიპირესს“ განუცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა. კოვეს თქმით, „ეს იყო მოვლენა, რომელსაც მოქალაქეები ასე დიდხანს ელოდებოდნენ რუსეთის სახელმწიფოსგან დაცვის და მფარველობის იმედით“. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ „პატარა აფხაზეთმა მიიღო დიპლომატიური აღიარება მსოფლიოს უმსხვილესი სახელმწიფოს, გავლენიანი საერთაშორისო მოთამაშის და გაეროს უშიროების საბჭოს მუდმივი წევრის მხრიდან“.

საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთის გარდა აღიარებული აქვთ ნიკარაგუას, ვენესუელას, ნაურუს და სირიას.

საპასუხოდ, საქართველომ ამ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG