Accessibility links

დღეს ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩს ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტში დაკითხავენ


ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩი, 26 აგვისტოს, 14:00 საათზე ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტშია დაბარებული, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო კომიტეტში უკვე დაიკითხნენ საკოორდინაციო საბჭოს პრეზიდიუმის წევრები, მაქსიმ ზნაკი და სერგეი დილიევსკი.

20 აგვისტოს ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე 361-ე მუხლით, რაც გულისხმობს ხელისუფლების ხელში ჩაგდებისა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენების მცდელობას.

ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც მწერალ სვეტლანა ალექსიევიჩის გარდა, რამდენიმე ცნობილი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწეა გაერთიანებული, 14 აგვისტოს შეიქმნა ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების მიზნით.

საბჭოს შექმნა ინიცირებული იყო პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას მიერ, რომელიც აცხადებს, რომ ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების საკითხზე მზად არის გამართოს დიალოგი ხელისუფლებასთან.

ამისთვის შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო, რომლის წევრებსაც, მისი თქმით, ხელისუფლებამ დაუპირისპირა მუქარა და რეპრესიები. „დაშინება არ გაჭრის. ჩვენ ფარ-ხმალს არ დავყრით“, - განაცხადა სვიატლანა ციხანოუსკაიამ, რომელიც ლიეტუვაში იმყოფება.

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, 72 წლის სვეტლანა ალექსიევიჩმა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჯარო შეხვედრებში არ მონაწილეობს, 13 აგვისტოს რადიო თავისუფლების ეთერიდან მოუწოდა გადადგომისკენ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას.

„სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, სანამ ხალხს საშინელ უფსკრულში გადაჩეხთ, სამოქალაქო ომის უფსკრულში, წადი! მაიდანი აქ არავის სურს; სისხლი არავის სურს. მხოლოდ შენ გინდა ძალაუფლება. ეს შენი ძალაუფლების წყურვილია, სისხლს რომ მოითხოვს”, - თქვა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურთან ინტერვიუში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG