Accessibility links

ბურჯანაძე "ქართული ოცნების" ინიციატივაზე: შესაძლოა, ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენონ


"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლის დაშინებასა და გაყალბებასთან დაკავშირებით წესების გამკაცრება ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს. ასე შეაფასა მან მმართველი პარტიის ინიციატივა.

"ეს კანონი, რეალურად თუ იმოქმედებს, იმოქმედებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების საწინააღმდეგოდ, მაგრამ შერჩევითი სამართლის პირობებში ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად არავინ დაისჯება. იმიტომ, რომ თუ ძალიან არ მოინდომებ, ვერაფრით შეძლებ, რომ ოპოზიციას დააბრალო ამომრჩევლის დაშინება. დაშინება შეუძლია მას, ვისაც შეუძლია ამომრჩეველს მოუხსნას სოციალური დახმარება, სამსახურიდან გააგდოს - ოპოზიცია ამას ვერ შეძლებს, თუმცა მონდომების შემთხვევაში შეუძლია ხელისუფლებას ეს ოპოზიციის წინააღმდეგაც გამოიყენოს", - თქვა ბურჯანაძემ "მთავარ არხთან" საუბრის დროს.

„ქართული ოცნების” ინიციატივით, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით ამომრჩევლის დაშინებისა და იძულებისთვის პირს ჯარიმა, 6 თვიდან 2 წლამდე შინაპატიმრობა ან სამ წლამდე პატიმრობა დაემუქრება.

"ქართული ოცნების" წევრის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საარჩევნო კოდექსში მითითებული იქნება, რომ მსგავსი ქმედების შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და შესაბამისი ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით 2 ივლისს მიიღო. დღეს ინიცირებული ცვლილებების განხილვა სექტემბერში დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG