Accessibility links

100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩემი ძმა უდანაშაულოა, რა ვქნა, არ ვამტკიცო სიმართლე?


30 წლის ნიკოლოზ რევაზიშვილი, ერთ-ერთია იმ ხუთი ბრალდებულიდან, რომლებსაც 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობა ედება ბრალად.

გამოძიების ვერსიით, სწორედ მან და მასთან ერთად მყოფმა არჩილ გაგნიძემ მოუჭრეს გზა გიორგი შაქარაშვილის და ალყაში მოაქციეს. ბრალის დამტკიცებით შემთხვევაში, ნიკოლოზ რევაზიშვილს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელის. ნიკოლოზ რევაზიშვილი ბრალს არ აღიარებს.

რას უყვება მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას

ჩვენება გამოძიებას, მან შაქარაშვილის ცხედრის პოვნამდე ორი საათით ადრე, 22 ივნისს მისცა. გამოკითხვის ოქმში წერს, რომ მცხეთის მიმართულებით, ნაცნობი უბნელების თხოვნით, მეგობრებთან ერთად წავიდა. ნიკოლოზ რევაზიშვილის თქმით, 18 ივნისს, ღამით, მაშინ, როდესაც ის, არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე (საქმის ორი ბრალდებული), სახლთან იდგნენ, მათთან მივიდნენ აღელვებული ახალგაზრდები, მათ შორის, ერთი მისი ნაცნობი ა.ქ. (საქმის ბრალდებული), უთხრეს, რომ მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე მოუვიდათ ჩხუბი, წამოვიდნენ თბილისში, თუმცა, რამდენიმე მეგობარი და ავტომობილი მცხეთაში დარჩათ. ნიკოლოზ რევაზიშვილის თქმით, ახალგაზრდებმა სთხოვეს, რომ მცხეთაში გაჰყოლოდნენ და მათი მეგობრები და მანქანა წამოეყვანათ. თუკი ნიკოლოზ რევაზიშვილის გამოკითხვის ოქმს დავეყრდნობით, სწორედ ასე წავიდნენ ის და ხუთი ახალგაზრდა „ტოიოტა კამრით“ მცხეთის მიმართულებით.

რაც შეეხება, მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდთან განვითარებულ მოვლენებს, ნიკოლოზ რევაზიშვილი გამომძიებელს უყვება, რომ მას შემდეგ, რაც მათ გზაზე ოთხი ახალგაზრდა შენიშნეს და მანქანა გააჩერეს, ფეხით მიმავალი ახალგაზრდები დასავლეთის მიმართულებით გაიქცნენ: „მე ფეხით, სწრაფი სიარულით გავყევი მათ და ვეძახდი, არ გაქცეულიყვნენ, შეჩერებულიყვნენ. მათ უკან მიყვებოდა ჩვენს მანქანაში მჯდომი სამი ახალგაზრდა. ეძახდნენ თუ არა რაიმეს, ვერ გავიგონე, რადგან ტრასაზე მოძრაობდნენ ავტომობილები და ხმაური იყო. რაც შეეხება ვასო მახარაძეს (მძღოლი), წავიდა მანქანის მოსაყვანად. როდესაც გაქცეული პირები მიეფარნენ თვალს, მე მივედი იმ ადგილას, საიდანაც ისინი მიეფარნენ თვალს, ჩავედი ხელმარჯვნივ, ხიდის ქვევით, გავყევი მოასფალტებულ გზას, რომლის გასწვრივ, მარცხნივ, შევნიშნე ძველებური, მცირე ზომის შენობა. მოასფალტებულ გზაზე ფეხით გავიარე მაქსიმუმ 10-15 მეტრი მანძილი, მაგრამ ჩემს გარშემო და წინ ვერავინ დავინახე, გარდა ჩემთან ერთად მომავალი არჩილ გაგნიძის და ასევე ორი ახალგაზრდისა. მე მოვტრიალდი და წამოვედი უკან. აღნიშნული ორი ახალგაზრდაც გამომყვა უკან და მივედით იმავე ადგილას, საიდანაც ჩამოვედით“.

ნიკოლოს რევაზიშვილის თქმით, იქ მათ უკვე დახვდათ ვასილ მახარაძე მანქანით. ის მანქანასთან გაჩერდა, მალევე კი დაინახა, რომ „კამრის“ ორმა ახალგაზრდა მგზავრმა, მანქანასთან მიიყვანა მისთვის უცნობი ახალგაზრდა, რომელიც საკუთარი ფეხით ჩაჯდა მანქანაში და თბილისის მიმართულებით წამოვიდნენ.

ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენების თანახმად, ე.წ. დევნის პროცესში, მისი თვალთახედვის არეში იყო არჩილ გაგნიძე და მათთან ერთად მყოფი ორი ახალგაზრდა. ვასილ მახარაძე მანქანის მოსაყვანად იყო წასული. სად იყო კიდევ ერთი, მესამე ახალგაზრდა, ეს მისი ჩვენებიდან არ ჩანს.

რატომ სჯერა ძმის უდანაშაულობის ვახო რევაზიშვილს?

ვახო რევაზიშვილი, ნიკოლოზ რევაზიშვილი უმცროსი ძმა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი ძმა უდანაშაულოა, პროკურატურას კი გამოძიება არასწორი გზით მიჰყავს.

ვახო რევაზიშვილი იხსენებს იმ დეტალებს, როდესაც მან გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ შეიტყო, მოგვიანებით კი მისმა ძმამ მომხდარის შესახებ უამბო. ის, რომ 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში ახალგაზრდა დაიკარგა, მან მეგობრებისგან, 19 ივნისს, დღის საათებში შეიტყო:

„უცნაური დამთხვევაა. 19 ივნისს სწორედ იმ აგარაკზე უნდა წავსულიყავით წვეულებაზე, საიდანაც ეს ტრაგედია დაიწყო. თუმცა, შუადღისას, მეგობარმა მითხრა, წვეულება იქ ვეღარ იქნება, ბიჭი დაკარგულა და აგარაკი დაკეტილიაო. 20 ივნისს შევიტყვე, რომ დაკარგული იყო გიორგი შაქარაშვილი. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ჩემ ძმას ოჯახი ჰყავს და ცალკე ცხოვრობს. ზუსტად აღარ მახსოვს, მგონი, 20 ივნისს შევხვდი ჩემს ძმას და მაშინ გავიგე, რომ ჩემი ძმა, იმ ღამეს, მცხეთაში წაჰყვა მეგობრებს იმ ბავშვების წამოსაყვანად, რომლებიც აგარაკზე დარჩნენ. მომიყვა დეტალები, მათ შორის მანქანის გაჩერების ეპიზოდიც. მითხრა, მანქანიდან რომ გადმოვედი, რამდენიმე მეტრი გავირბინე, მაგრამ მერე გავჩერდი და სწრაფი ნაბიჯებით გადავედი მეორე მხარეს, მერე ბავშვი ვიპოვეთ, იმ შუაღამისას იქ ხომ არ დავტოვებდით და თბილისში წამოვიყვანეთო. ჩემმა ძმამ ბავშვის დაკარგვის ამბავი რომ გაიგო, თავიდან გურამ ამირხანაშვილი (გიორგი შაქარაშვილის მეგობარი) ეგონა, რადგან იფიქრა, შეიძლება ჩვენ რომ ჩამოვსვით, სახლის ნაცვლად სხვაგან წავიდაო“.

ვახო რევაზიშვილი 100%-ით არის დარწმუნებული, რომ მის ძმას გიორგი შაქარაშვილი არ მოუკლავს. ამბობს, რომ ამის ორი მიზეზი აქვს. ერთი ის, რომ კარგად იცნობს უფროს ძმას, მეორე კი ის, რომ პროკურატურის ვერსიას, თითქოს მისმა ძმამ გიორგი შაქარაშვილს ხიდის ქვეშ გზა მოუჭრა, გარე-კამერების ჩანაწერები აბათილებს:

„ერთ ადამიანსაც კი ვერ მოძებნით, ვისთვისაც ჩემს ძმას როდესმე შეურაცხყოფა მიუყენებია ან ხელი დაურტყამს. უკონფლიქტო ადამიანია. ძალიან კომუნიკაბელურია. ბევრი ნაცნობი ჰყავს, მეგობარი. დასაქმებულია, ცოლი ჰყავს, ორი შვილი და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ უცნობი ადამიანების გამო, მთელ ცხოვრებას დაინგრევდა და ასეთ საშინელ დანაშაულს ჩაიდენდა? ის, რასაც ჩემი ძმა ყვება, ასახულია გარე-კამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებში. იქ კარგად ჩანს, რომ 10-15 მეტრის გარბენის შემდეგ, ის და არჩილ გაგნიძე აღარ გარბიან, ჩერდებიან და სწრაფი ნაბიჯით აგრძელებენ ხიდზე გადასვლას. ჩანაწერებში ჩანს ორი ჩრდილი, რომელიც ხიდზე გადადის. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ჩემს ძმას ხიდი არ გადაუკვეთავს და შაქარაშვილს გზა წინიდან მოუჭრა. ჩემმა ძმამ მითხრა, გზაზე მოძრაობა იყო, ტრაილერები გადაადგილდებოდნენ, შემეშინდა, ვინმეს რამე არ მოსვლოდა, გავჩერდით და ვეძახდით, რომ ისინიც გაჩერებულიყვნენო“.

ვახო რევაზიშვილის თქმით, გამოძიება ცდილობს, რომ მოწმეების „არეულ-დარეული ჩვენებების“ საფუძველზე შექმნას რეალობის ალტერნატიული ვერსია:

„ჩვენ ამ პროცესს ორ თვეზე მეტია თვალს ვადევნებთ. მრცხვენია, როდესაც ჩემი გამოსვლით და ინტერვიუებით, მდგომარეობას ვუმძიმებ გარდაცვლილის ოჯახს, მართლა მრცხვენია, მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა. ჩემი ძმის უდანაშაულობა არ ვამტკიცო, როდესაც 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ის უდანაშაულოა? მეც ხომ უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, არ გვძინავს. გამუდმებით ვფიქრობთ, რა მოხდა, რა დაემართა ბავშვს, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს ამბავი ჩვენი ძალებით გამოვიძიოთ. ჩვენ უძლურები ვართ, სიმართლე გამოვარკვიოთ.

პროკურატურა კი საკუთარ აბსურდულ ვერსიას ალბათ იმიტომ ამტკიცებს, რომ ტრაგედიის დღიდან, შეიქმნა საზოგადოებრივი წარმოდგენა, რომ რაკი „კამრის“ მგზავრები იქ იყვნენ, ე.ი. ბიჭი მათი მოკლულია. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამოძიება ჩატარდა, დარწმუნებული ვარ, პროკურატურამაც კარგად იცის, რომ ეს სიმართლე არ არის. იმ ღამეს, იქ, ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, თუნდაც „კამრის“ ეპიზოდის შემდეგ, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რას ნიშნავს და როგორი შეგრძნებაა, როდესაც დანაშაულს გაბრალებენ და ამიტომ, ხელს ვერავისკენ გავიშვერ. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი ეჭვები გვაქვს. საქმეში ძალიან ბევრი კითხვაა. ამას ახლა ისიც დაემატა, რომ გამოძიებამ ადვოკატებს ახალ მასალებზე გაუთქმელობის პირობაზე მოაწერინა ხელი. მკვლელობაში დებენ ბრალს ჩვენი ოჯახის წევს და ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ გავიგოთ, რა მტკიცებულებები არსებობს საქმეში იმისა, რომ ჩემი ძმა დამნაშავეა“.

ვახო რევაზიშვილი ამბობს, რომ გამოძიება მათ იმ მტკიცებულებების მოპოვებაში უშლის ხელს, რითაც ძმის უდანაშაულობას დაამტკიცებდა. მისი თქმით, გამოძიებამ წაშალა ნიკოლოზ რევაზიშვილი google-ის ანგარიში, რომლის დახმარებითაც, ისინი შეძლებდნენ დაემტკიცებინათ, რომ მის ძმა გიორგი შაქარაშვილისთვის გზა არ მოუჭრია:

„28 ივლისს, გამომძიებელი შედის ჩემს ძმასთან. ჩემი ძმა მას საკუთარი ნებით გადასცემს ტელეფონის გამხსნელ კოდს, რადგან დასამალი არაფერი აქვს და იმავე დღეს იშლება ჩემი ძმის ანგარიში, რისი დახმარებითაც, მარტივად შეიძლებოდა მისი გადაადგილების ტრაექტორიის აღდგენა“.

ნიკოლოზ რევაზიშვილთან ერთად, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობა ბრალად ედება კიდევ ოთხ პირს: არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს.

გამოძიების ვერსიის თანახმად, 19 ივნისის ღამეს, გიორგი შაქარაშვილს, არაგვის ხიდის ქვეშ, უკან მისდევდა ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. ხოლო ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არჩილ გაგნიძემ მას გზა მოუჭრეს, წინიდან დახვდნენ, რის გამოც 19 წლის ფეხბურთელი იძულებული გახდა, ციცაბო ბილიკზე გაქცეულიყო, მდინარე არაგვის მიმართულებით. გამოძიება ამბობს, რომ მდევრებმა გიორგი შაქარაშვილს მდინარის ნაპირამდე სდიეს, მას სასტიკად გაუსწორდნენ და შემდეგ წყალში გადააგდეს, სადაც ის ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG