Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენს სტოლტენბერგი: ნატო არ ზრდის სამხედრო ძალებს ბელარუსის მეზობელ რეგიონში


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ბელარუსის მთავრობის ნებისმიერი მცდელობა, ნატო გამოიყენოს საპროტესტო გამოსვლების ჩახშობის გასამართლებლად, არასწორი და გაუმართლებელია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა ბერლინში თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო არ ზრდის სამხედრო ძალებს ბელარუსის მეზობელ რეგიონში. გარდა ამისა, გენერალური მდივანი გამოვიდა მოწოდებით, რესპუბლიკაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

მანამდე ბელარუსის პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა აცხადებდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი თითქოს საზღვარგარეთიდანაა პროვოცირებული. თავიდან მან რუსეთსა და უკრაინას დასდო ბრალი, შემდეგ კი ევროკავშირის ქვეყნებისა და ნატოს მხრიდან საფრთხეზე განაცხადა და ქვეყნის დასავლეთ საზღვრებისკენ ბელარუსის ჯარების ძირითადი ნაწილები გადაისროლა.

ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა ხმების დიდი უმრავლესობით. ოპოზიცია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და მრავალრიცხოვანი გაყალბების დამადასტურებელ საბუთებს აქვეყნებს.

არჩევნების დღის შემდეგ ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით. ხელისუფლებამ ძალა გამოიყენა დემონსტრანტთა წინააღმდეგ. ათასობით ადამიანი დააკავეს, ასობით მათგანი ნაცემი და ნაწამებია „ომონისა“ და მილიციის სხვა ქვედანაყოფების მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG