Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუნდოვანი ცვლილება - შეძლებს თუ არა ქალი ქმრის, პარტნიორის გარეშე, შვილის გაჩენას?


შეძლებს თუ არა ქალი დამოუკიდებლად, მეუღლის, პარტნიორის გარეშე, შვილის გაჩენას ინ ვიტრო, ანუ ხელოვნური განაყოფიერებით? ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცნობილი გახდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 25 აგვისტოს ბრძანების შესახებ, რომლის თანახმადაც ცვლილებები შედის კანონში და სადაც ვკითხულობთ, რომ ექსტრაკორპორული (რაც ინ ვიტროს ნიშნავს) გზით ბავშვის აღზრდა შეუძლია ქალსა და კაცს, თუკი ისინი იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, ერთი წელი. ან იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, ასევე სულ მცირე, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში.

საზოგადოების ნაწილის მხრიდან, ეს ცვლილება დისკრიმინაციულად შეფასდა და ითქვა, რომ ქალებს, რომლებსაც შვილების დამოუკიდებლად, ხელოვნური გზით გაჩენა სურთ, ცვლილებების მიღების შემდეგ, ანუ პირველი სექტემბრიდან, ეს უფლება ჩამოერთმევათ.

რას ამბობს მინისტრი?


ამ შეფასებებს, 27 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტყუილი უწოდა:

„ყველა ის ქალი, იქნება ის დაქორწინებული თუ დაუქორწინებელი, ვისაც დაგეგმილი ჰქონდა ხელოვნური განაყოფიერება, მათთან მიმართებაში იუსტიციის მინისტრი ვერავითარ ახალ წესს ვერ შექმნიდა და შეუძლიათ იყონ მშვიდად“.

თეა წულუკიანის თქმით, ცვლილება კანონში ეხება სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას და ამ ცვლილებით, ქვეყანა შეეცდება ებრძოლოს ჩვილებით ვაჭრობის საფრთხეს, როგორც ტრანსნაციონალურ დანაშაულს:

„100% იმ ქალებისა, ვინც თავის სხეულში გარკვეული ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ ითავსებს სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან შექმნილ ემბრიონს, საქართველოს მოქალაქეები არიან. ხოლო იმ წყვილების 98%, ვინც სუროგაციის სერვისით სარგებლობს საქართველოში, არიან უცხოელები. შესაბამისად, შემოდის წესი, კვლავაც, წყვილი იქნება გაგებული, როგორც ქალი და მამაკაცი. ასევე, ახალი წესია ის, რომ ჩვენ უნდა აღვკვეთოთ ჩვილით ვაჭრობის ტრანსნაციონალური დანაშაული და პრევენცია მოვახდინოთ, რომ საქართველოდან სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვი არ გახდეს სექსუალური ექსპლუატაციის, წამების, არაადამიანური მოპყრობის საგანი და ავიცილოთ თავიდან ფიქტიური წყვილები, ვინც დანაშაულის მიზნებისთვის, სუროგაციის გზით ქმნის ბავშვს და შემდეგ გაჰყავს საქართველოს გარეთ. ამიტომ, პირველი სექტემბრიდან, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ნოტარიუსთან მისული უცხოელი წყვილი, შერეული წყვილი თუ ქართველი წყვილი, ერთი წელი მაინც უნდა ცხოვრობდეს ფაქტობრივად ერთად, რადგან სახეზე გვყავდეს არა ფიქტიური წყვილი, არამედ წყვილი, რომელსაც მართლაც სურს ბავშვის ყოლა და მისი აღზრდა. ის კომპანიები, რომლებიც მილიონებს აკეთებენ იმაში, რომ გაყინული ემბრიონები შემოიტანონ საქართველოში, შემდეგ აქ გაჩნდნენ ჩვილები და ხანდახან აქვთ ცდუნება, რომ უკანონოდ გაიყვანონ ჩვილები საზღვრებს გარეთ, მათთან და ამ ორგანიზებულ დანაშაულთან, რა თქმა უნდა, საქართველო გააგრძელებს ბრძოლას“.

ვის შეუქმნის ეს ცვლილება პრობლემას?

მანანა გოჩიაშვილი, კლინიკა „კარაპს მედლაინის“ ინ ვიტრო განაყოფიერების განყოფილების ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ჩანაწერი კანონში ბუნდოვანია, არ არის დაზუსტებული და აღიქმება ისე, რომ შეზღუდვა ეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას, რაკიღა ტერმინი „ექსტრაკორპორული განაყოფიერება“ სწორედ ინ ვიტრო განაყოფიერებას გულისხმობს. მისი თქმით, მან კანონში ვერ ამოიკითხა, რომ შეზღუდვა შეეხება მხოლოდ სუროგაციის ნაწილს და არა ინ ვიტრო განაყოფიერებას. ექიმი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებზე მუშაობისას არ იქნა გათვალისწინებული სპეციალისტების მოსაზრება, არ ყოფილა დისკუსია და ამგვარი ცვლილება დროის შეზღუდვასთან დაკავშირებით, შესაძლოა, პრობლემას უქმნიდეს წყვილებს, რომლებსაც შვილის სუროგაციის გზით გაჩენა სურთ:

„ჩანს, გადაწყვეტილება ისეა მიღებული, რომ პროცესში არ იყვნენ ჩართულნი სპეციალისტები. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ხშირად, განსაკუთრებით კი წყვილებისთვის, რომლებიც მაგალითად, 40 წელს ზევით არიან დაქორწინებულნი, ერთი წელი ლოდინი კი არა, შეიძლება ერთდღიანი დაყოვნებაც კი პრობლემად ექცეთ, რადგან კვერცხუჯრედების რეზერვი შემცირებულია და სასწრაფოდ უნდა გაკეთდეს ან ინ ვიტრო განაყოფიერება ან დაიგეგმოს ბავშვის სუროგაციის გზით გაჩენა. გარდა ამისა, არის გარკვეული პათოლოგიები, როდესაც ერთწლიანი ლოდინი აბსოლუტურად გაუმართლებელია წყვილებისთვის. ეს არ არის გამართული კანონი. ამ საკითხზე საჭიროა დისკუსია, იმ ადამიანების აზრის მოსმენა, ვისაც სიტყვა ეთქმის ამ სფეროში. ჩვენ გვაქვს ხოლმე მცდელობები, რომ შევხვდეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, თუნდაც მინისტრს ან ა.შ. მაგრამ საკმაოდ რთულია მათთან კომუნიკაცია. კარგი იქნებოდა, რომ ეს ნიუანსები ერთად გაგვეთვალისწინებინა“.

მანანა გოჩიაშვილის თქმით, მასთან დილიდან არ წყდება იმ ქალების ზარები, რომლებსაც კლინიკასთან ხელოვნური განაყოფიერების პროცედურაზე ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული, თუმცა, არ ჰყავთ პარტნიორები და შვილის დამოუკიდებლად გაჩენა სურთ:

„გაურკვევლად არიან, შიშობენ, რომ მანიპულაციას ვეღარ ჩავატარებთ. ჩვენთან მოსულ თითქმის ყოველი მეათე ქალს ასე, დამოუკიდებლად, დონორის სპერმის გამოყენებით სურს შვილის გაჩენა. მათი 80% ძირითადად საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ქალები არიან, რომლებსაც უცხოეთის მოქალაქეობა აქვთ მიღებული. აქამდე, ჩვენი კანონმდებლობით, ე.წ. მარტოხელა ქალებისთვის ეს პროცედურა დაშვებული იყო და არანაირი კითხვის ნიშნები არ ჩნდებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ბრძანების შინაარსი, რომელიც ძალიან ბუნდოვანია და არ არის მკვეთრად განსაზღვრული ინ ვიტრო განაყოფიერებაზეა ლაპარაკი თუ სუროგაციის გზით შვილის გაჩენაზე, ნამდვილად ქმნის დაბნეულობას. კანონში არ არის ნახსენები, რომ ეს ცვლილება ეხება მხოლოდ სუროგაციას“.

რაც შეეხება შემთხვევას, როდესაც ქალს, რომელსაც სურს ბავშვის დამოუკიდებლად, დონორის დახმარებით გაჩენა, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს ინ ვიტრო განაყოფიერების საშუალებას და ამიტომ შვილის გასაჩენად სუროგატ დედას უნდა მიმართოს, როგორც მანანა გოჩიაშვილი განმარტავს, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ე.წ. მარტოხელა ქალს არ აქვს უფლება შვილი სუროგაციის გზით გააჩინოს. ეს ჩანაწერი ასევე ვრცელდება მამაკაცზეც:

"ჩვენ გვქონდა შემთხვევა, რომ მოგვაკითხა კაცმა, რომელსაც ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა და სურდა შვილის სუროგაციის გზით გაჩენა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ კანონი აქამდეც გვზღუდავდა, იძულებულები ვიყავით, მისთვის უარი გვეთქვა".

არსებობს თუ არა სუროგაციის გზით გაჩენილი ჩვილების ქვეყნიდან გაყვანის დანაშაულებრივი სტატისტიკა?


რამდენად ხშირია სუროგაციის გზით გაჩენილი ჩვილების ქვეყნიდან გაყვანა დანაშაულებრივი მიზნებისთვის? იუსტიციის მინისტრის თქმით, სწორედ ამგვარი დანაშაულების პრევენცია დაედო საფუძვლად ცვლილებებს კანონში.

ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს მიმართა. როგორც უწყებაში განგვიმარტეს, იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ეხება საერთაშორისო დონის დანაშაულებს, მათთან ამგვარი სტატისტიკა არ ინახება. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფორმაციის მოსაძიებლად უწყებამ კანონით დაწესებული ათდღიანი ვადა ითხოვა.

სუროგაცია საქართველოში კანონით დაშვებული პროცედურაა. სახელმწიფო ვალდებულია ბავშვთან ერთად დაიცვას სუროგაციის პროცესში ჩართული ყველა პირის ინტერესი - პოტენციური მშობლების, სუროგატი დედისა და დონორის. კანონმდებლობით, პოტენციური მშობლები დაცულები არიან სუროგატი დედის ან დონორის მხრიდან არამართლზომიერი დავისგან, დონორი და სუროგატი დედა კი - მათი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისგან.

რაც შეეხება სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანას, ამ პროცედურის წესებს არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის ერთობლივი ბრძანება.

XS
SM
MD
LG