Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი: გასაჯაროვდეს სამი მანქანის სამხედრო ბაზიდან გამოსვლის დრო


გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოითხოვს, პროკურატურამ გაასაჯაროვოს ჩანაწერები, რომლებიც აჩვენებს, როდის ტოვებს სამხედრო ბაზას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამი მანქანა.

"ოჯახის და ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, მოგვცენ ჩანაწერი, რომელ საათზე, რა დროს გამოდიან აღნიშნული ჯიპები სამხედრო ბაზიდან. თუ არ გამოდიან, რამდენი ხანი რჩებიან იქ. მეორე, რომელი და რა გრაფიკით გადაადგილდება აღნიშნული სამი ჯიპი შავნაბადას ტერიტორიამდე", - აცხადებს ადვოკატი.

ცოტა ხნით ადრე, პროკურატურამ დაადასტურა ოჯახის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაჩალიაშვილს გარდაცვალების დღეს გზის გარკვეულ მონაკვეთზე მიყვებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების მანქანები. თუმცა საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ გზის გარკვეულ ნაწილში აღმოჩნდნენ ბაჩალიაშვლის მანქანის უკან და საბოლოოდ, შავნაბადას საწვრთნელი ბაზის მიმართულებით გადაუხვიეს.

მიხეილ რამიშვილის მტკიცებით, სამხედრო ბაზიდან არის საიდუმლო გასასვლელი, რომელიც ტაბახმელათი უკავშირდება მაწევანს.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იგი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი იპოვეს.

გამოძიება თვითმკვლელობაზე მიანიშნებდა და აცხადებდა, რომ მის პირად ავტომობილში აღმოჩენილი იყო წნევისა და გულის მედიკამენტების კვალი, გაუჩინარებამდე კი ინტერნეტში საძილე მედიკამენტებს ეძებდა. ოჯახს კატეგორიულად არ სჯერა სუიციდის ვერსიის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG