Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკას ხელისუფლება დემონსტრანტების და ჟურნალისტების დაკავებას აგრძელებს


მინსკის ცენტრიდან დაწყებული მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა თავისუფლების მოედანზე ათეულობით ადამიანის დაკავებით დასრულდა. უფლებადამცველი ცენტრის „Вясна“-ს ინფორმაციით, 27 აგვისტოს „ომონის“ წარმომადგენლებმა დააკავეს 200-ზე მეტი დემონსტრანტი და ჟურნალისტი. მათ შორის რადიო თავისუფლების კორესპონდენტები. მედიის წარმომადგენლები მინსკის მილიციის ერთ-ერთ განყოფილებაში გადაიყვანეს „დოკუმენტების შესამოწმებლად“.

27 აგვისტოს გამართული მსვლელობის მონაწილეები აპროტესტებდნენ საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას და მშვიდობიანი აქციების დარბევას.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ინფორმაციით, მინსკის თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასამდე ადამიანს „ომონმა“ კათოლიკური ტაძრისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა და აქციის მონაწილეთა დაკავება დაიწყო. 26 აგვისტოს, სპეცრაზმელებმა მშვიდობიანი აქციის ასამდე მონაწილე ამ ტაძარში ჩაკეტეს და გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ახალი არჩევნების მოთხოვნით. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ხმების 80%-ით გამარჯვებული ალექსანდრ ლუკაშენკას ხელისუფლებამ მშვიდობიანი აქციები არაერთხელ სასტიკად დაარბია და ათასობით ადამიანი დააკავა.

ძალადობის და არჩევნების გაყალბების გამო ბელარუსის ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ ევროკავშირი სანქციებს ამზადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG