Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო რუსეთს მიმართავს, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, პატივი სცეს ბელარუსის სუვერენიტეტს და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

სტოლტენბერგმა Reuters-ს განუცხადა, რომ ნატო პატივს სცემს ბელარუსის სუვერენიტეტს და ამ ქვეყნის საზღვართან საკუთარ სამხედრო ძალებს არ ზრდის. გენერალური მდივნის თქმით, ბელარუსის მომავლის განსაზღვრა თავად ამ ქვეყნის მოქალაქეების საქმეა.

27 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკას თხოვნით, რუსეთში შეიქმნა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა რეზერვი, რომელიც ბელარუსს დაეხმარება იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია უკონტროლო გახდება, “ექსტრემისტული ელემენტები“ ზღვარს გადავლენ და ყაჩაღობას დაიწყებენ.

ბელარუსის მეზობელი, ნატოს წევრი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიცკიმ რუსეთს მიმართა, დაუყოვნებლივ თქვას უარი კონტროლის აღდგენის ცრუ საბაბით ბელარუსში სამხედრო ინტერვენციის გეგმაზე. პოლონეთის პრემიერი ტვიტერზე წერს, რომ ეს მტრული აქტი არღვევს საერთაშორისო სამართალს და ბელარუსიელი ხალხის უფლებას, თავისუფლად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი.

ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭომ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ დაუშვებელია რუსეთის, ან რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღებული დაჯგუფებების შექმნა ბელარუსში გამოყენების მიზნით, რადგან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ბელარუსის საზოგადოების კონსოლიდირებულ პოზიციას. საბჭო ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს მხოლოდ მშვიდობიანი აქციები, რომლებსაც მხარს უჭერს ბელარუსის მოქალაქეთა უმრავლესიბა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG