მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
თბილისში, გლდანის მასივში, ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა ხანძარი, სადაც მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. ადგილზე მობილიზდა 30-მდე მეხანძრე-მაშველი და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.
"მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან 3 მცირეწლოვანი უვნებლად რამდენიმე წუთში გამოიყვანეს, რომლებსაც ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარეს. პარალელურად განახორციელეს პრევენციული სამუშაოები და დაიწყეს ხანძრის ქრობა", - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ამატებს, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
დაწერეთ კომენტარი