Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რურუას საქმე ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს


"მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას საქმეზე ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს. ისინი საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებენ, რომლითაც რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"ეს განაჩენი იყო დაუსაბუთებელი და, გარკვეულწილად, სასაცილოც კი, რადგან მოსამართლემ დაამახინჯა მოწმეების ჩვენებები, დააბრალა დაცვის მხარის მოწმეებს ისეთი რამ, რაც მათ, ფიზიკურად, არ უთქვამთ. მეორე მხრივ კი, თვალი დახუჭა პოლიციელების იმ ჩვენებებზე, სადაც დადასტურდა, რომ ისინი იტყუებოდნენ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ", - განაცხადა რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG