Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სანქციებს უწესებს ბელარუსის 20 მაღალჩინოსანს. ეუთოს სურს იყოს შუამავალი ლუკაშენკასა და ოპოზიციას შორის


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 28 აგვისტოს ბერლინში შეთანხმდნენ სანქციების შემოღებაზე ბელარუსის ხელისუფლების 20 მაღალჩინოსნის მიმართ, რომლებსაც კავშირი აქვთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტების სასტიკი ძალით დაშლასთან.

ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ამ სიაში ჯერჯერობით არ არის, მაგრამ როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, ალიაქსანდრ ლუკაშენკა რაღაც პერიოდში, დიდი ალბათობით, ასევე აღმოჩნდება სანქცირებულთა სიაში.

იმავდროულად, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) 28 აგვისტოს გამოვიდა ინიციატივით, რომ მზად არის იკისროს შუამავლის როლი ლუკაშენკას ხელისუფლებასა და ოპოზიციის იმ ლიდერებს შორის, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გაყალბდა ლუკაშენკას სასარგებლოდ.

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედი რამამ, 28 აგვისტოს ვენაში ორგანიზაციის დელეგატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეუთოს არ სურს ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევა. მაგრამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, - აღნიშნა ედი რამამ.

ხუთშაბათს სამთავრობო სხდომაზე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ კვლავ გაიმეორა, რომ ხელისუფლება აღარ დაუშვებს ქუჩის აქციებს და არ მისცემს გარე ძალებს ქვეყნის დესტაბილიზაციის უფლებას.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 27 აგვისტოს მინსკში, თავისუფლების მოედანზე, მილიციამ ათობით ჟურნალისტი დააკავა „დოკუმენტების შემოწმების“ მიზნით.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები და გაფიცვები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ და ლუკაშენკას გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

აქციების დაწყებიდან სამ დღეში ბელარუსის მილიციამ 6 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა. უამრავი ადამიანი სასტიკად იყო ნაცემი.

გაეროს თანახმად, ბელარუსში 9 აგვისტოს შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა ოთხი ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG