Accessibility links

site logo site logo

ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გავიდა


ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციაში, „დოიჩე ველეს“ თანახმად, 25-დან 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა, სამართალდამცველების შეფასებით, 18 ათასი. გამოცემის თანახმად, მსვლელობისას მოჩანდა რუსული და ამერიკული დროშები, ასევე უკრაინის სეპარატისტული რეგიონის, ისევე როგორც ლგბტ-თემის ალმები.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ადგილზე შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. უნტერ დერ ლინდენზე, რუსეთის საელჩოსთან, პოლიციის თანახმად, დააკავეს ათეულობით დემონსტრანტი.

ორგანიზატორების უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქის მმართველობის გადაწყვეტილებამ, არ დაერთოთ ნება ამგვარი მსვლელობის მოსაწყობად. თუმცა ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბოლო წუთში მიიღო გადაწყვეტილება და დემონსტრაციის გამართვის ნებართვა გასცა.

ამის ფონზე, ევროპის ქვეყნებში კოვიდის შემთხვევათა რიცხვი იზრდება. ადრე ბერლინში გამართული ამგვარი დემონსტრაციის მონაწილეები არ იცავდნენ ფიზიკურ დისტანციას და არ ეკეთათ ნიღბები.

დემონსტრანტები, 29 აგვისტოს, სააგენტო დე-პე-ას თანახმად, სხვათა შორის, გაიძახოდნენ აღმოსავლეთ გერმანიაში თავისუფლების მოძრაობის დროინდელ ლოზუნგებს: „გახსენი ჭიშკარი!“ და „ხალხი ჩვენ ვართ!“. ცნობით, დემონსტრანტებს, რომლებიც რაიხსტაგის შენობაში შეჭრას ცდილობენ, სადაც გერმანიის პარამენტს, ბუნდესტაგს, უდევს ბინა, პოლიციამ გადაუღობა გზა.

გერმანიაში, რომლის მოსახლეობა 80 მილიონს აჭარბებს, კორონავირუსის ინფექციის 242 ათასი შემთხვევაა აღნუსხული. კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი 9290-ია. რობერტ კოხის ინსტიტუტის თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 213 200-ია.

მთელ მსოფლიოში, სულ, ინფიცირებულთა აღნუსხულმა რაოდენობამ 25 მილიონს მიაღწია, ჩინეთში შარშან ვირუსის გაჩენის შემდეგ. კოვიდმა იმსხვერპლა 835 ათასი ადამიანი. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნგრეთსა და საფრანგეთში შემთხვევათა ზრდას ამ ქვეყნებში ახალი შეზღუდვების შემოღება მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG