Accessibility links

მინსკის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი, უპირატესად ქალები, მონაწილეობდა „სოლიდარობის მსვლელობაში“


ბელარუსის დედაქალაქში რამდენიმე ათასი ადამიანი, ძირითადად, ქალები მონაწილეობდა „სოლიდარობის მსვლელობაში“ პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, ალეს პილეცკი და ანდრეი რაბჩიკი პირდაპირი ეთერის დროს დააკავეს.

ისინი დააკავა შავფორმიანმა პირმა და თავის ავტომანქანასთან მიიყვანა, რის შემდეგაც ეთერი შეწყდა. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ჟურნალისტები მინსკის კასტრიჩნიცკის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში მიიყვანეს.

29 აგვისტოს მსვლელობას, რომელიც მიემართებოდა დამოუკიდებლობის მოედნისკენ, გზა გადაუღობა სპეცდანიშნულების რაზმმა. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. უკანასკნელი ცნობებით, დაკავებულები კაცები არიან.

ზოგიერთ მონაწილეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „დედა ვარ“, „მრავალშვილიანი დედა“. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ოპოზიციის წარმომადგენელმა, მარია კალესნიკავამ.

უფრო ადრე, ბელარუსის საგარეო უწყებამ, სხვა რეპორტიორებთან ერთად, აკრედიტაცია ჩამოართვა რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს.

აშშ-ის საელჩომ მინსკში 29 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც შეშფოთება გამოხატა „ჟურნალისტების სისტემატური დევნის“ გამო და მოუწოდა მინსკს, „თავშეკავებულობა აჩვენოს“.

ევროკავშირის საგეროპოლიტიკური ლიდერის, ჯოზეფ ბორელის წარმომადგენელმა დაგმო ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევა.

"გაშუქებისას დაშინების და ხელის შეშლის ნაცვლად, ხელისუფლებამ უნდა ასახოს და მას უპაუხოს სურვილები და სწრაფვა ბელარუსის ხალხისა, რომელიც ამას უმაგალითოდ და მშვიდობიანად გამოხატავს", განაცხადა წარმომადგნელმა, პეტერ სტანომ.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ოთხი ჟურნალისტი და ჩვენი რადიოს რუსულენოვანი ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ერთ რეპორტიორს, მედიის სხვა, ათეულობით წარმომადგენელთა ერთად ჩამოართვა აკრედიტაცია, რის შედეგად მათ ფაქტიურად აეკრძალათ ქვეყანაში მუშაობა.

მთავრობას გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსახელებია.

50-მდე, მათ შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ექვსი ჟურნალისტი დააკავეს ბელარუსში საპროტესტო აქციის გაშუქებისას 27 აგვისტოს, ორ სხვადასხვა ადგილზე. მოგვიანებით ყველა მათგანი გაუშვეს. ბელარუსში უკვე 21-ე დღეა გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები არ აღიარებენ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და პროტესტს გამოთქვამენ დემონსტრანტთა მიმართ პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ.

30 აგვისტოს მინსკის ცენტრში დაგეგმილია „მშვიდობისა და დამოუკიდებლობის“ მსვლელობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG