Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსების საკითხის გამოძიება პროკურატურამ აუდიტს გადააბარა


ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე პროკურატურიდან პასუხი მიიღო.

ხოშტარიას განცხადებით, პროკურატურის პასუხში წერია, რომ ამ საკითხზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს და აუდიტის სამსახურს მიმართა. ელენე ხოშტარია პროკურატურის პასუხს უპასუხისმგებლოს უწოდებს.

“25 აგვისტოს ანტიპუტინური არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე, სადაც სარწმუნო ინფორმაციაა მოცემული “პატრიოტთა ალიანსის” პირდაპირ კავშირზე კრემლთან, განცხადებით მივმართე პროკურატურას, რადგან ეს ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს და ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. პროკურატურიდან მივიღე ფორმალური და უპასუხისმგებლო პასუხი ჩემს განცხადებაზე. პროკურატურის პასუხში ნათქვამია, რომ თურმე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს და მიმართეს აუდიტის სამსახურს“, - ამბობს ელენე ხოშტარია.

მისი სიტყვებით, „დოსიეს“ ინფორმაციაში მოყვანილი ცნობების გარდა, „პატრიოტთა ალიანსის“ მოქმედებებშიც რუსეთიდან მომდინარე დავალებების შესრულება იკვეთება.

„ბათუმში ვიხილეთ კონკრეტული შუღლის გაღვივების მცდელობა, როდესაც აჭარა, თითქოს ოკუპირებული ტერიტორია, ანტითურქული განწყობების ხელოვნურად გაღვივების ფაქტი, რომელიც წარმოადგენს ზუსტად კრემლის ინსტრუქციებს. აქ არ არის სიახლე ის, რომ რუსეთი ცდილობს არჩევნებში ჩარევას, არც ის, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არის მტრული სახელმწიფოს მიერ მართული პარტია. საგანგაშოა ქართული სახელმწიფოს რეაქცია, რომ ამ ფაქტებში ვერ ხედავს ვერანაირ სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემას”, - ამბობს ელენე ხოშტარია.

ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართავს, „გამოიძიონ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ეს საკითხი და არ მისცენ საშუალება რუსეთს, ჩაერიოს ჩვენს წინასაარჩევნო პროცესებში“. წინააღმდეგ შემთხვევაში ელენე ხოშტარია პასუხისმგებლობას, საქართველოში „რუსული ინტერესების გატარებაზე“, „ქართულ ოცნებას” აკისრებს.

საქართველოს პროკურატურაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საკითხის გამოძიება მათი ქვემდებარე არ არის და, შესაბამისად, აუდიტის სამსახურს მიმართეს.

„2020 წლის 25 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის წევრმა ელენე ხოშტარიამ განცხადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და უცხო სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“-ს შესაძლო დაფინანსების და პიარ-სტრატეგიებით შესაძლო დახმარების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა გენერალურ პროკურატურაში. აღსანიშნავია რომ საქართველოს ორგანული კანონი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, განსაზღვრავს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების დასაშვებ ფორმებს. ამავე კანონის 341-ე მუხლის თანახმად, პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, გენერალურ პროკურატურაში შემოსული განცხადება შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში“, - უპასუხეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში.

25 აგვისტოს „ევროპულმა საქართველომ“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა საქართველოს პროკურატურას. ელენე ხოშტარია მოითხოვდა გამოძიებას გაეცა პასუხი კითხვაზე - შემოდიოდა თუ არა საქართველოში კრემლის ფული „პატრიოტთა ალიანსის“ დასაფინანსებლად და იღებდა თუ არა პარტია საქართველოსთვის სახიფათო რჩევებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კონსულტანტებისგან. საუბარია გამოცემა „დოსიეს“ მიერ გავრცელებულ მასალებზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა, არ უარყო, რომ მათ პარტიას რუსეთის საკონსულტაციო კომპანიაც ემსახურება, თუმცა 8-მილიონდოლარიანი დაფინანსების საკითხს ის „სააკაშვილი-ბოკერიას“ მიზანმიმართულ თავდასხმად თვლიდა.

XS
SM
MD
LG