Accessibility links

ლიბანის პრეზიდენტმა ახალ პრემიერ-მინისტრს მთავრობის შექმნა დაავალა


ბეირუთის პორტი აფეთქების შემდეგ.

ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ახალი მთავრობის შექმნა დაავალა მუსტაფა ადიბს, ლიბანის ყოფილ ელჩს გერმანიაში. ამის შესახებ დღეს გამოცხადდა, ბეირუთში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე.

ახალი კაბინეტის ფორმირება ხდება უპრეცედენტო პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გააღრმავა მძლავრმა აფეთქებამ ბეირუთის პორტში. 4 აგვისტოს აფეთქებამ სერიოზული ნგრევა გამოიწვია ქალაქში. მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ გადადგა წინა მთავრობა.

ადიბის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს წამყვანმა პარტიებმა, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა რელიგიურ თემს წარმოადგენენ. ის სუნიტი მუსლიმია, როგორც ლიბანის პოლიტიკური სისტემით არის გათვალისწინებული. ამ სისტემის მიხედვით, საკვანძო მნიშვნელობის თანამდებობები კონფესიებისადმი კუთვნილების მიხედვით გაიცემა.

პოლიტიკური სისტემის სწორედ ამ თავისებურებას აკრიტიკებენ უკანასკნელ ხანებში წამყვანი პოლიტიკოსები, აქციების მონაწილეები და ირიბად - საფრანგეთის პრეზიდენტიც. საფრანგეთი დღემდე დიდი გავლენით სარგებლობს ლიბანის საზოგადოებაზე. ლიბანში თავისი წინა ვიზიტის დროს მაკრონმა ილაპარაკა რადიკალური ცვლილებების აუცილებლობაზე და ფაქტობრივად ამას დაუკავშირა საერთაშორისო დახმარების მოცულობა.

ბეირუთის პორტში ორი ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს საღამოს მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 149 ადამიანი და 5 ათასამდე დაშავდა. აფეთქებამ პორტის გარდა დაანგრია ან დააზიანა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში მდებარე შენობები. უსახლკაროდ დარჩა 250 ათასამდე ადამიანი. ბეირუთში ორი კვირით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

ლიბანის ხელისუფლება აფეთქების მიზეზად მიიჩნევს პორტის ერთ-ერთ საცავში წლების წინ მოთავსებული ამონიუმის ნიტრატის შენახვის წესების დარღვევას. არსებული ინფორმაციით, ეს ტვირთი 2013 წელს, ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიჰქონდა მოლდოვის დროშით მცურავ გემს, Rhosus-ს, რომელიც ბეირუთის პორტში ტექნიკური პრობლემების გამო შევიდა. გემი დააკავეს, ლიბანის საბაჟო სამსახურმა კი ტვირთის კონფისკაცია მოახდინა და საცავში გადაიტანა. გამოძიების ვერსიით, აფეთქება საცავში შედუღების სამუშაოების დროს მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG