Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზპრომმა „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის თაობაზე გადაწყვეტილება გაასაჩივრა


გაზპრომმა პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს წინააღმდეგ სააპელაციო საჩივრები შეიტანა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით. გამოძიება ეხება გაზპრომის და უცხოეთის ინვესტორების სავარაუდო კონცენტრაციას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის მშენებლობისას.

3 აგვისტოს პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველომ გაზპრომი დააჯარიმა „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის შესახებ მონაცემების წარმოდგენაზე უარის გამო. ჯარიმამ 213 მილიონი ზლოტი (50 მილიონი ევრო) შეადგინა, ნათქვამია პოლონეთის ანტიმონოპოლიური უწყების ცნობაში. ეს კანონით გათვალისწინებული უმაღლესი ჯარიმაა.

ჯარიმის მიზეზი გახდა გაზპრომის უარი, წარმოედგინა მონაცემები რუსული კორპორაციის შვილობილი კომპანიის, „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის მიერ გაზსადენის მშენებლობის თაობაზე ევროპულ კომპანიებთან დადებული კონტრაქტების შესახებ.

პოლონეთის ანტიმონოპოლიური უწყება იძიებს ექვსი ევროპული კომპანიის, მათ შორის, გაზპრომის საქმიანობას და მათ ადანაშაულებს კონსორციუმის შექმნაში, რომელიც აფინანსებს ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის მშენებლობას პოლონეთის მხარის ნებართვის გარეშე.

ფორმალურად „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ს აგებს არა კონსორციუმი, არამედ სრულიად გაზპრომის კონტროლქვეშ მყოფი კომპანია, რომელიც ევროპული კომპანიების სახსრებს კრედიტების სახით იღებს.

მაგრამ ვარშავაში აცხადებენ, რომ საქმე მაინც ეხება კონსორციუმს, რომელიც არღვევს ანტიმონოპოლიურ კანონს.

პოლონეთი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა, ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის აგებას, ვინაიდან მას მიიჩნევენ ევროკავშირსა და უკრაინაზე რუსეთის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად.

XS
SM
MD
LG