Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში დემონსტრანტები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ


დემონსტრაცია ცხინვალში. 31 აგვისტო, 2020.
დემონსტრაცია ცხინვალში. 31 აგვისტო, 2020.

ასობით ადამიანი შეძახილებით "გადადექი!" და "გასამართლება ჯაგაევს!" ცდილობს შეიჭრას თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

შენობა გარშემორტყმულია ძალოვნების ჯაჭვით. ზოგიერთი დემონსტრანტი მათთან დიალოგში შესვლას ცდილობს. დე ფაქტო დეპუტატები დავიდ სანაკოევი, ზაზა დრიაევი და ხსვები შეკრებილებს მოუწოდებენ სიმშვიდისკენ და ცდილობენ დაარწმუნონ, არ წავიდნენ შენობისკენ.

31 აგვისტოს ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 1500 ადამიანი შეიკრიბა ინალ ჯაბიევის დაკრძალვის შემდეგ - რომელიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს. ისინი მოითხოვენ დამნაშავეთა დასჯას, დე ფაქტო გენერალური პროკურორის გადადგომას, ზოგიც დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადადგომას.

ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული რეგიონის მესამე პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მიუსამძიმრა გარდაცვლილი ინალ ჯაბიევის ახლობლებსა და ნათესავებს. მისი განცხადებით, "ვინს ეს დანაშაული ჩაიდინა, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს, დამსახურებული პასუხი უნდა აგოს კანონის მთელი სიმკაცრით. გასაგებია რესპუბლიკის მოქალაქეების სამართლიანი მოთხოვნები".

კიდევ ერთი დე ფაქტო პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი მოუწოდებს ანატოლი ბიბილოვს გადადგომისკენ.

28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც ოკუპირებული რეგიონის მილიციამ დააკავა შს მინისტრზე თავდასხმის ბრალდებით, სავარაუდოდ, წამების შედეგად გარდაიცვალა.

28 აგვისტოს ცხინვალში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, მთავრობა დაეთხოვა.

XS
SM
MD
LG