Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსის“არჩევნებიდან მოსახსნელად, ირმა ნადირაშვილი მხარდაჭერისთვის უმრავლესობის დეპუტატებს მიმართავს


„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, ირმა ნადირაშვილი, უმრავლესობის წევრებს ხელმოწერების შეგროვების წინადადებით მიმართავს, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდეს სარჩელი „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის თაობაზე. ამ ინიციატივით ირმა ნადირაშვილმა დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე მიმართა.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი იმაზე, რომ „საქართველოს პოლიტიკაში არსებობს ჯგუფი, რომელიც პირდაპირ ატარებს კრემლის ინტერესებს, ამიტომ, მისი თქმით, „სირაქლემას პოზაში“ ყოფნის ნაცვლად, მიმართავს „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, საკონსტიტუციო სარჩელისთვის საჭირო 30 პარლამენტარის ხელმოწერის შეგროვებაში მიიღონ მონაწილება.

ჩვენ, „ევროპული საქართველო“, დღეს ვაყენებთ ინიციატივას, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამისთვის საკმარისია პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერა და მოვითხოვთ არჩევნებიდან მოიხსნას “პატრიოტთა ალიანსი“. ჩვენი 20 ხელმოწერა ექნება და მივმართავ უმრავლესობას, დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები და თუ ეს გუნდი არ არის თქვენი გაგრძელება, მაშინ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოხსნას ეს პოლიტიკური ჯგუფი არჩევნებიდან“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირმა ნადირაშვილის ამ ინიციატივამდე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ ამ ეტაპზე "პატრიოტთა ალიანსის" არჩევნებიდან მოხსნის საკითხზე საუბარი არასერიოზულია.

"მათზე საკმაოდ ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს, მაგრამ ერთი ფურცლის გამო არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია. ამ თემაზე უნდა იყოს სერიოზული მსჯელობა, მოკვლევა და აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებებიც", - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

რუსული ინტერნეტგამოცემა "დოსიეს" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსი" წინასაარჩევნოდ რჩევებსა და ფულს კრემლისგან იღებდა. გამოცემა ასახელებს თანხასაც. გამოცემის ცნობით, პარტია მოსკოვისგან 8 მილიონ დოლარს ითხოვდა 2020 წლის არჩევნების დასაფინანსებლად.

"დოსიე", ასევე, წერდა იმ თემებზე, რისი გამოყენებაც რუსულმა საკონსულტაციო კომპანიამ "პატრიოტთა ალიანსს" ურჩია: ამომრჩევლების დაპირისპირების გაღვივება, ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერება და გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე ორიენტირება.

"ევროპულმა საქართველომ", “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების საკითხზე გამოძიების დაწყების მოთხოვნაზე პროკურატურიდან 31 აგვისტოს უარი მიიღო. პროკურატურამ განმარტა, რომ საკითხის შესწავლა მისი "ქვემდებარე არ არის" და ის აუდიტის სამსახურს გადააბარა.

„ევროპულმა საქართველომ“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით 25 აგვისტოს მიმართა საქართველოს პროკურატურას. დეპუტატი ელენე ხოშტარია მოითხოვდა, გამოძიებას გაეცა პასუხი კითხვაზე - შემოდიოდა თუ არა საქართველოში კრემლის ფული „პატრიოტთა ალიანსის“ დასაფინანსებლად და იღებდა თუ არა პარტია საქართველოსთვის სახიფათო რჩევებს რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული კონსულტანტებისგან. საუბარია გამოცემა„დოსიეს“ მიერ გავრცელებულ მასალებზე.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა არ უარყო, რომ მათ პარტიას რუსეთის საკონსულტაციო კომპანიაც ემსახურება, თუმცა 8-მილიონდოლარიანი დაფინანსების საკითხს ის „სააკაშვილი-ბოკერიას“ მიზანმიმართულ თავდასხმად თვლიდა.

XS
SM
MD
LG