Accessibility links

site logo site logo

არჩევანის თავისუფლება


ავტორი: ნუცა სპარსიაშვილი

“შენ კარგი ბიჭი უნდა გაგაცნო”, - თუ არამკითხე კუპიდონების მსგავს შემოთავაზებაზე ქალი პროტესტს აცხადებს ან სხვებისგან განსხვავებულ აზრს გამოსთქვავს პირად ცხოვრებაზე თუ ურთიერთობებზე, ჩნდება ამ აზრის მიუღებლობა.

მეურვეულ განწყობებზე გაღიზიანება შეიძლება არც კი ღირდეს, რადგანაც ნეგატივი ისევ ქალის წინააღმდეგ მოქმედებს, ადამიანებს კი, ვისზეც ის ბრაზდება, არ ესმით მიზეზი განაწყენების. მაინც, არ ესმით თუ არ სურთ რომ გაიგონ? ვის შემთხვევაში როგორ, - ზოგს არ სურს რომ გაიგოს, ზოგიერთს კი მართლა არ ესმის, რადგან უბრალოდ არ უშვებენ თავისგან განსხვავებულ პოზიციას ან არ სურთ, რომ დაიჯერონ სხვა აზრი. არ დაგვავიწყდეს, რომ საუბარია ჩვენ ქვეყანაზე და იმ საზოგადოებაზე, სადაც თავის წმინდა ვალად მიაჩნიათ ქალის პირად ცხოვრებაზე გადამეტებული ზრუნვა - აზრი, რომ ქალს, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება და ჰორიზონტზე შეყვარებული არ მოსჩანს, აუცილებლად უნდა დაეხმარონ და „კარგი ბიჭი გააცნონ”. თუ ქალს ჰყავს შეყვარებული, კეთილმსურველები ვარდებიან მეორე უკიდურესობაში - “რას ელოდები? რატომ არ თხოვდები? ქორწილს როდის გეგმავ?"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ზედმეტი ახსნა-განმარტების და ცნობისმოყვარე ადამიანების თავიდან ასაცილებლად ქალები ხშირად პირად ცხოვრებაზე არ საუბრობენ.

რა თქმა უნდა, „კარგ ბიჭთან“ გაცნობის სურვილი არ შეფასდებოდა ქალის პირად სივრცეში უხეშ ჩარევად, თუ გაცნობის ინიციატივა თავად ქალს ეკუთვნის. თუმცა, ქალის სურვილი და პოზიცია ვის აინტერესებს?! პირადი ცხოვრების სუვერენობა საქართველოში ჯერ კიდევ ასახსნელი და სწორად აღსაქმელია, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ.

პატრიარქალური საზოგადოების აზრით ქალისთვის თვითრეალიზაცია „გათხოვების“ გარეშე შეუძლებელია. ქალი თუ დაქორწინებული არ არის, საზოგადოებას მყისვედ გამოაქვს დასკვნა: „მას ჯერ არ გაუმართლა, რადგან კარგი ბიჭი ვერ იპოვნა. თუ ასე გაგრძელდება ცუდათაა მისი საქმე”. მათი აზრით, ქალის ცხოვრების აზრი კაცშია. ბედნიერების ფორმულა კი ერთია. სხვა სცენარს პატრიარქალები უბრალოდ გამორიცხავენ. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ქალს სურს დაქორწინება და თუ არ სურს, ესე იგი ფსიქოლოგიური ან რამე სხვა სახის პრობლემები აქვს, და თუ ქალს დედობა არ სურს, მაშინ ის საერთოდ შემოგზავნილი უცხოპლანეტელია.

ყველას საკუთარი არჩევანი აქვს. ქალებისთვის არჩევანის სწავლა მათი შეზღუდვა და თავისუფლებების შელახვაა, რასაც, სამწუხაროდ საზოგადოება დღემდე ნორმად აღიქვავს, ისევე როგორც ზოგადად ქალის ობიექტივიზაციას, კონტროლს, დისკრიმინაციას და ძალადობას.

ქალს არ სჭირდება სხვების მიერ განსაზღვრული არჩევანი. ამისათვის მას საკუთარი გონებრივი შესაძლებლობები, უნარი და ნება აქვს. ქალი საკუთარ არჩევანში თავისუფალია.

“კეთილი” რჩევების ავტორები და პატრიარქალური ფასეულობების პოპულისტები არ უფიქრდებიან იმას, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ რჩევებს. ჩვენ ვხედავთ ქალებს, რომლებიც საკუთარ სიმშვიდეს და ჯანმრთელობას ანაცვალებენ ტოქსიკურ ურთიერთობებს და კეთილი ნებით უარს ამბობენ ასეთი ვითარებიდან თავის დაღწევაზე. ისინიც კი, ვისაც განქორწინების შემთხვევაში ფინანსური სტაბილურობის პრობლემა და საფრთხე არ ელით (ხშირად, ფინანსური დამოკიდებულება წამყვანი პრობლემაა, რომელიც ქალებს დამაბრკოლებელ გარემოებებს უქმნის დამოუკიდებლად არსებობისთვის) დამოუკიდებლად ყოფნა არ ეკომფორტულებათ, განქორწინებული ქალის სტატუსი აშინებთ. ბევრი რამ აშინებთ, ოღონდ არა ურთიერთობა, სადაც თავს ცუდათ გრძნობენ. პარადოქსალურია, მაგრამ, ტოქსიკური გარემო ამ კატეგორიის ქალებისთვის ერთგვარ კომფორტის ზონად იქმნება, საიდანაც მათ თავის დაღწევა არ სურთ. რატომ? - ეშინიათ.

მსგავს შიშები სათავეს ბავშვობიდან იღებს, როცა გოგონებს შთააგონებენ, რომ მათ “პატრონი” ჰყავთ, რომლის როლში ჯერ მშობელია, შემდეგ კი მეუღლე. გოგონებს მოსწონთ პრინცესად წარმოჩენის იდეა, რომელსაც პრინცი გადაარჩენს, უშველის და მიხედავს. მათ დამოუკიდებლობას არ ასწავლიან და მათი თავისუფალი არჩევანი მშობლისთვის უცხოა. გოგონების-ქალების დამოუკიდებელ არჩევანს მშობლები დიდად პატივს არ სცემენ, ისევე როგორც დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას. ქალი ყოველთვის დამოკიდებული უნდა იყოს კაცზე, როგორც “ძლიერზე” და უპირატესზე. შედეგად ვხედავთ ქალებს, რომლებსაც ეშინიათ დამოუკიდებლად ყოფნის მდგომარეობის, - მდგომარეობის, რომელიც მათთვის გაურკვეველი და ბუნდოვანია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG