Accessibility links

site logo site logo

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების ორგანიზებას უზრუნველყოფს 3657 უბანზე


საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის, ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3657 უბანზე, - განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ დღეიდან, 1 სექტემბრიდან, ცესკო ოფიციალურად იწყებს ყველა იმ პროცედურის განხორციელებას, რომელიც აუცილებელია არჩევნების ორგანიზებისთვის. კერძოდ, მისი თქმით, 1 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა პარლამენტის არჩევნების ღონისძიებების გრაფიკი, რომელიც დეტალურად ასახავს არჩევნებთან დაკავშირებულ აქტივობებსა და შესაბამის ვადებს.

ანა მიქელაძის განმარტებით, 1 სექტემბრის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. ამასთან, პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით შეუძლიათ მიმართონ არაუგვიანეს 4 სექტემბრისა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განმარტებით, ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის საჭირო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებზე. მისივე განმარტებით, კენჭისყრის დღისთვის მზადდება ცალკე პროტოკოლი, რომელშიც გაწერილი იქნება პანდემიის გავრცელების პრევენციის ღონისძიებები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვის, დამკვირვებლებისა და ყველა იმ მხარისთვის, ვინც ჩართული იქნება საარჩევნო პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 31 აგვისტოს ხელმოწერილი ამავე განკარგულებით დაინიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG