Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის მთავრობამ ყველაზე მძიმე კატეგორიის თალიბი პატიმრები გაათავისუფლა


ავღანეთის ხელისუფლებამ პატიმართა გაცვლის პროცესის ფარგლებში გაათავისუფლა საპატიმროებში მყოფი დამატებით კიდევ 100, ყველაზე მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებული, თალიბი პატიმარი.

საპატიმროში დარჩენილი მეამბოხეები, ოფიციალური ცნობით, ბრალდებული იყვნენ საჯარო თავშეყრის ადგილებში, საელჩოებსა და სამთავრობო შენობებთან მოწყობილ თავდასხმებში, რასაც ათასობით ადამიანი შეეწირა.

საპატიმროში დარჩენილი 400 მეამბოხის გათავისუფლების გადაწყვეტილება ავღანეთის მთავრობამ მიიღო ფართო კონსენსუსით, დიდ ეროვნულ ყრილობაზე, ლოია ჯირგაზე, რომელიც გასულ თვეში გაიმართა ქაბულში.

ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, გასულ თვეშივე 80-მა თალიბმა დატოვა საპატიმრო.

როგორც ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა აცნობა რადიო თავისუფლებას, მომდევნო რამდენიმე დღეში საბოლოოდ დასრულდება საპატიმროში მყოფი ექსტრემისტების გათავისუფლების პროცესი, რომლის შემდეგაც ყატარში მალევე უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის, ქვეყანაში მიმდინარე 18-წლიანი ომის მშვიდობიანი დასრულების გზებზე.

ითვლება, რომ საპატიმროში მყოფი ყველაზე მძიმე დანაშაულში ბრალდებული თალიბების გათავისუფლება არის ბოლო დაბრკოლება იმ სამშვიდობო შეთანხმების სარეალიზაციოდ, რასაც თებერვალში მიაღწიეს აშშ-მა და თალიბებმა.

XS
SM
MD
LG