Accessibility links

გამოძიება დაიწყო ბარ Skygirls-ის საქმეზე - მოქალაქე ცემასა და თაღლითობაზე წერს


მოქალაქე ივიკო ფრუიძე თბილისში მდებარე ბარ Skygirls-ს თაღლითობასა და ცემაში ადანაშაულებს. ის საკუთარი ამბის შესახებ „ფეისბუკზე“ წერს. როგორც მოქალაქე აღნიშნავს, მეგობრებთან ერთად შეკვეთილი ხუთი კოქტეილის ნაცვლად, ბარის თანამშრომელმა მათგან სრულიად განსხვავებული თანხის (981.60 ლარი) გადახდა მოითხოვა.

„თავიდან მომსახურე პერსონალს ვუთხარი, ალბათ რაღაც შეცდომაა ეს ჩვენი ანგარიში არ არის-მეთქი. არაო თქვენიაო, თქვენს მეგობართან, რომ გოგოა იმან შეუკვეთაო. ვკითხე ყველას და გაურკვეველი შეკვეთები არცერთ ჩემს მეგობართან არ ყოფილა შეთანხმებული.

მივხვდი, რომ თაღლითური სქემით მუშაობდა ბარი, რაზეც გამოვხატე ჩემი ღია პროტესტი თითოეულ თანამშრომელთან, ღიად დავადანაშაულე ისინი თაღლითობასა და უღირს ქცევაში, პრინციპული უარი განვაცხადე თანხის გადახდაზე და მოვითხოვე კამერების ამოღება. რის შემდეგაც მოვიდა დაცვა, გამიყვანა გარეთ და გამომკითხა თუ რატომ ვიყავი უკმაყოფილო და რატომ ვამბობდი უარს ანგარიშის გადახდაზე? სრულიად რაციონალურად ავუხსენი დაცვას ჩემი აღშფოთების მიზეზი, თუმცა ამასობაში ჩემმა ძმაკაცმა მაინც გადაწყვიტა, რომ ანგარიში გადაეხადა, შებრუნდა ბარში და გადაიხადა თაღლითურად შედგენილი ანგარიში იმ მოტივით, რომ უხერხული ინციდენტი ამოწურულიყო. ტერმინალით, რა თქმა უნდა, არ გადაახდევინეს, ჩეკიც მოითხოვა და არ მისცეს (ასე იციან თაღლითებმა) მე კი დავრჩი გარეთ დაცვასთან სრულიად წყნარ სიტუაციაში“, - წერს ფრუიძე.

მოქალაქე წერს მის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორების შესახებ. „დაცვის ერთ-ერთი წევრი მეუბნება, რომ ვითომ ჩემი ბარში შებრუნებული ძმაკაცი მეძახის. რის შემდეგაც შევდივარ ბარში და მხვდება 5 დაცვის წევრის და ერთი მომუშავე პერსონალის ჩასაფრება. სულ ექვსი ადამიანის. მოვექეცი მათ ალყაში და დამიწყეს ცემა”, - აღნიშნავს ივიკო ფრუიძე. მოგვიანებით მან პოლიცია გამოიძახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო.

რადიო თავისუფლებამ სცადა ბარ Skygirls-თან დაკავშრება, თუმცა „ფეისბუკის“ გვერდზე მითითებული ნომერი რეგისტრირებული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG