Accessibility links

აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან 22 "დონას" კლასტერია


​ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 26 გამოვლენილ შემთხვევათაგან 22 "დონას" კლასტერია. დღეს, 2 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მეტი, 38 შემთხვევა გამოვლინდა.

კაფე-საკონდიტრო "დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით გუშინ თვითიზოლაციაში 50-ზე მეტი პირი გადავიდა. მათ კონტაქტი ჰქონდათ კაფე-საკონდიტროს ინფიცირებულ თანამშრომელთან.

"დონა"-სთან დაკავშურებულ 80 კონტაქტს PCR-ტესტი გუშინ ჩაუტარეს, მათი პასუხები დღეს უნდა გამხდარიყო ცნობილი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ტესტირებას ურჩევს ყველა მოქალაქეს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ საკონდიტროში იმყოფებოდა. ბათუმში უფასო ტესტირება შესაძლებელია ბულვარის კოლონადებსა და არდაგანის ტბასთან, „აჭარული სახლის" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ სპეციალურ კარვებში. გარდა ამისა, ბათუმში „ანბანის კოშკთან" დადგეს კიდევ ერთი კარავი, სადაც მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარებენ PCR-ტესტირებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG