Accessibility links

ირანის ბირთვული შეთანხმების დარჩენილი წევრები შეთანხმდნენ, გადაარჩინონ ის


ევროკავშირის წარმომადგენელი ჰელგა-მარია შმიდი და ბირთვულ საკითხებში ირანის წარმომადგენელი აბას არაყჩი. ვენა, 1 სექტემბერი.

ირანის ბირთვული შეთანხმების დარჩენილი წევრები შეთანხმდნენ, გადაარჩინონ ის. მათ უკუაგდეს ვაშინგტონის მცდელობა, კვლავ განახლდეს ირანის მიმართ გაეროს სანქციები.

ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ჰელგა-მარია შმიდმა, რომელიც ხელმძღვანელობდა გუშინ ვენაში გამართულ შეხვედრას, განაცხადა, რომ შეხვედრის „ყველა მონაწილემ კვლავ დაადასტურა შეთანხმების შენარჩუნების მნიშვნელობა“.

ვენის შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირანი და რუსეთი.

აშშ-მა 2015 წლის საკვანძო მნიშვნელობის შეთანხმება ორ წელზე მეტი ხნის წინ დატოვა და მას შემდეგ ირანს განუახლა სანქციები. საპასუხოდ ირანმა გაააქტიურა ბირთვულ სფეროში საქმიანობა.

ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი ყოველ ღონეს ხმარობენ შეთანხმების გადასარჩენად. დოკუმენტის თანახმად, სანქციების მოხსნის საპასუხოდ ირანმა ივალდებულა თავისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვა.

გასულ კვირაში ირანი დათანხმდა, გაეროს ენერგეტიკის სფეროს ინსპექტორები დაუშვას თავის ორ ობიექტზე, რომლების თაობაზეც არსებობდა ეჭვი, რომ 2000-იანი წლების დამდეგს იქ არადეკლარირებულ საქმიანობას ეწეოდნენ.

მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ დაბლოკა აშშ-ის მოთხოვნა ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების აღდგენის თაობაზე. ასევე, ვაშინგტონმა ვერ მოახერხა საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს გასაგრძელებლად, რომელსაც ოქტომბერში გასდის ვადა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG