Accessibility links

ცნობილმა ბელარუსმა სპორტსმენებმა საპროტესტო გამოსვლებს დაუჭირეს მხარი


ცნობილმა ბელარუსმა სპორტსმენებმა კოლეგებს მოუწოდეს, გაერთიანდნენ და მხარი დაუჭირონ საპროტესტო გამოსვლებს, რომლებიც მიმართულია ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. მათ ასევე გამოაცხადეს ბელარუსის სპორტსმენთა თავისუფალი ასოციაციის შექმნის შესახებ.

ბელარუსის საკალათბურთო ნაკრები გუნდის წევრმა, ნიკიტა მეშჩარაკოვმა განაცხადა, რომ გულგრილი ვერ დარჩება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების - ძალადობის, უკანონობის, ზეწოლისა და სამსახურიდან გათავისუფლების მუქარების - მიმართ. „მოვიდა დრო, როცა ჩვენ, ბელარუსი სპორტსმენები, ჩვენი ხალხის გულშემატკივრები გავხდებით“, განაცხადა თავის მიმართვაში ორი ოლიმპიადის მონაწილემ, კალათბურთელმა ელენა ლევჩენკამ. „ღირს კი, დავიცვა ჩემი ქვეყნის ღირსება, როცა საკუთარს ვერ ვიცავ?“ - კითხულობს ოლიმპიური თამაშების სამგზის პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მოცურავე ალიაქსანდრა გერასიმენია.

ლუკაშენკას გადადგომისა და მშვიდობიანი დემონსტრაციების მიმართ ძალის გამოყენების წინააღმდეგ მოთხოვნას ხელი მოაწერა ბელარუსის რკინიგზის ათასზე მეტმა თანამშრომელმა.

გუშინ ათასობით სტუდენტი გავიდა მინსკის ქუჩებში მას შემდეგ, რაც ოპოზიცია გაფიცვის მოწოდებით გამოვიდა. უფლებადამცველი ცენტრი „ვიასნას“ ცნობით, 70-მდე ადამიანი დააპატიმრეს, როცა სტუდენტები მილიციის რიგების გარღვევას შეეცადნენ რამდენიმე რაიონში. იტყობინებიან „ომონთან“ შეტაკებებისა და ძალისმიერი დაკავებების შესახებ.

პორტალი Tut.By და სხვა მედიასაშუალებები იუწყებიან ასევე ჟურნალისტთა ახალი დაკავებების შესახებ - „აკრედიტაციის შესამოწმებლად“. რა საფუძველზე დააკავეს ისინი, უცნობია. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთ მათგანს არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებაში მონაწილეობის ბრალი წაუყენეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG