Accessibility links

logo-print logo-print

სახელმწიფო მდივნის მოადგილის პირობით, აშშ გააგრძელებს თავისუფლების მხარდაჭერას ბელარუსში


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, სტივენ ბიგანმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი და მისი ევროპელი პარტნიორები კვლავაც გააგრძელებენ ზეწოლას ბელარუსის ხელისუფლებაზე იმ მიზნით, რომ გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, შეწყვიტონ საპრტესტო გამოსვლების მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობა და საშუალება მისცენ მოქალაქეებს, აირჩიონ მთავრობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით.

1 სექტემბერს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში, გასული კვირის ევროპული ტურნეს შემდეგ, რომელიც მოიცავდა ვიზიტებს ლიეტუვაში, რუსეთსა და ავსტრიაში, ბიგანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო ჩარევა ბელარუსში "ძალიან ნეგატიურ" ზეგავლენას მოახდენს მოსკოვის ურთიერთობებზე შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებთან.

"თქვენ, ბელარუსმა ხალხმა, შეგვახსენეთ ჩვენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატია და თავისუფლება. აღტაცებული ვართ იმ სიმამაცით, რაც გამოიჩინეთ, და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ", - თქვა მან და დაპირება გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები და მისი საერთაშორისო პარტნიორები "რაც შეიძლება მჭიდროდ ითანამშრომლებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენ მოიპოვოთ უფლება, აირჩიოთ თქვენი მთავრობა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, დამოუკიდებელი დამკვირვებლების თანდასწრებით, რისი გარანტიაც თქვენ მოცემული გაქვთ ბელარუსის კონსტიტუციის და შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით".

ბიგანის კომენტარები მოჰყვა იმას, რომ პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ არ გამოავლინა არანაირი ნიშნები იმისა, რომ დათმობაზე წასვლას აპირებდა მას შემდეგ, რაც ასობით ათასი მოქალაქე გამოვიდა ბელარუსის ქუჩებში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.

ლუკაშენკა, რომელიც 26 წელია ხელისუფლების სათავეშია ბელარუსში, გამარჯვებულად გამოცხადდა არჩევნებში, რომელიც ფართოდ მიიჩნევა როგორც მის სასარგებლოდ გაყალბებულად. დემონსტრანტებს სურთ, რომ ბელარუსის 66 წლის ლიდერი გადადგეს, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ახალი არჩევნები.

შეერთებულმა შტატებმა და ევროპის კავშირმა გააკრიტიკეს არჩევნები და აღნიშნეს, რომ ის არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი, და მოუწოდეს მთავრობას, დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG