Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენზელ მკოიანი კენჭს იყრის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად


„ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მან ახალქალაქის საარჩევნო კომისიას დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურის რეგისტრაციისთვის, დღეს, 2 სექტემბერს მიმართა და შესაბამისი დოკუმენტებიც წარადგინა.

„დღეს დოკუმენტების დიდი ნაწილი წარვადგინე, ხვალ კიდევ რამდენიმე დამრჩა წარსადგენად და დავასრულებ. ვიცი რომ ეს ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოა, მით უმეტეს, რომ სხვა დამოუკიდებელი კანდიდატი არავინ არის. კანდიდატობა ხალხის თხოვნით და ჩემი სურვილით გადავწყვიტე. ხუთჯერ ვიყავი პარლამენტში დეპუტატი და მინდა მეექვსედაც ამირჩიონ" – განმარტა ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა.

31 ოქტომბერს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, „ქართულმა ოცნებამ", ენზელ მკოიანის ნაცვლად, სამველ მანუკიანი წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 1999 წლის შემდეგ პირველია, როდესაც მმართველი პარტიიდან, ენზელ მკოიანს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სტატუსი არ აქვს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 116-ე მუხლის მე -9 ნაწილის თანახმად, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მხარდამჭერ ამომრჩეველთა არანაკლებ 1 პროცენტის ხელმოწერებით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დასახელებული კანდიდატი ბოლო საპარლამენტო არჩევნებში არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG