Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მეთოდებს მიმართავს რუსეთის ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებში გასამარჯვებლად


წინასაარჩევნო რეკლამა ულიანოვსკში
წინასაარჩევნო რეკლამა ულიანოვსკში

ადგილობრივ არჩევნებში რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსია“ ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ულიანოვსკი იმის ქრესტომათიული მაგალითია, თუ როგორ იყენებს პრეზიდენტ პუტინის პარტია „ადმინისტრაციულ რესურსს“.

„სკუმბრია ქათამზე უფრო სასარგებლოა!“ - სარეკლამო დაფები ამ აბსურდული ლოზუნგით გაჩნდა რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში. 13 სექტემბერს ამომრჩევლები ადგილობრივ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის - აირჩევენ ქალაქის ახალ საბჭოს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ბეწვზე ჰკიდია მმართველი „ედინაია როსია“, რომელიც აქ 15 წლის განმავლობაში დომინირებდა, მაგრამ ეკონომიკური პრობლემების მატებასთან ერთად სულ უფრო არაპოპულარული ხდება.

სხვა სარეკლამო დაფები ამომრჩევლებს მოუწოდებენ, ყველა კანდიდატის წინააღმდეგ მისცენ ხმა. რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის თქმით, ამის მიზანი ისაა, რომ არჩევნები ფარსად გადაიქცეს და შემცირდეს კენჭისყრაში მონაწილეთა რიცხვი. ეს კი გააადვილებს არჩევნების გაყალბებას და „ედინაია როსიას“, ვლადიმირ პუტინის ძალაუფლების ვერტიკალური სტრუქტურის მთავარ დასაყრდენს, ხელისუფლებაში პოზიციების გამყარებაში დაეხმარება.

20 აგვისტოს კომუნისტებმა საპასუხო იერიში განახორციელეს. მათ სამართლიანი არჩევნების დაკრძალვის ინსცენირება ჩაატარეს - ქალაქში გაიარეს კუბოთი, რომელიც რეგიონული ხელისუფლების შენობის წინ დატოვეს.

ადრეულ პოსტსაბჭოთა პერიოდში ულიანოვსკის ოლქი ერთგვარი ბალთა იყო, ე.წ. „წითელ სარტყელში“. იგულისხმება კომუნისტურად განწყობილი აგრარული რეგიონები რუსეთის სამხრეთ-დასავლეთში.

რეგიონის დედაქალაქი, ქალაქი ულიანოვსკი საბჭოთა კავშირის დამაარსებლისა და ბოლშევიკების ბელადის, ვლადიმირ ლენინის დაბადების ადგილია.

ერთ-ერთი ტიპური საარჩევნო რეკლამა ულიანოვსკში
ერთ-ერთი ტიპური საარჩევნო რეკლამა ულიანოვსკში

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში რეგიონი „ედინაია როსიას“ წევრის, გუბერნატორ სერგეი მოროზოვის დასაყრდენია. მაგრამ გარკვეული ხნის განმავლობაში მმართველი პარტიის პოზიციები უარესდება. 2018 წელს რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ (კფკპ) პარტიული სიების მიხედვით გამარჯვება მოიპოვა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოების არჩევნებში, თუმცა საბოლოოდ მაინც „ედინაია როსიამ“ გაიმარჯვა მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებების წყალობით. კომუნისტებმა უმრავლესობა მოიპოვეს რეგიონის სიდიდით მეორე ქალაქ დიმიტროვგრადის ქალაქის საბჭოშიც. მოროზოვი ადრე ამ ქალაქის მერი იყო, სანამ გუბერნატორი გახდებოდა.

დღეს ვლადიმირ პუტინის პირადი პოპულარობა ეცემა საპენსიო რეფორმისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რაც მას 2036 წლამდე აძლევს კრემლში დარჩენის საშუალებას, ასევე ხელისუფლებას ერთობ არასახარბიელო პრობლემებს უქმნის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები. ასე რომ, „ედინაია როსია“ წლევანდელ არჩევნებში განსაკუთრებით სუსტ პოზიციაზე იმყოფება.

ულიანოვსკში, ისევე როგორც ადგილობრივ არჩევნებში მთელი რუსეთის მასშტაბით, „ედინაია როსიას“ კანდიდატები მონაწილეობენ როგორც „დამოუკიდებელი კანდიდატები“, რათა თავი აარიდონ მათი პარტიის არაპოპულარულ ბრენდთან პირდაპირ ასოცირებას. პარტიამ წლის დამდეგს შეამზადა ნიადაგი ულიანოვსკის ქალაქის საბჭოს არჩევნების წესის შეცვლით - გაუქმდა კენჭისყრაში მონაწილეობა პარტიული სიებით და ამის ნაცვლად შეიქმნა 40 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

გარდა ამისა, პარტია „რუსეთის კომუნისტები“, რომელსაც დეპუტატი მაქსიმ სურაიკინი უდგას სათავეში, კარგად დაფინანსებული „სპოილერის“ როლს თამაშობს. როგორც კი დასრულდა კანდიდატთა რეგისტრაცია, „რუსეთის კომუნისტებმა“ სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომ ტექნიკური მიზეზებით გაუქმებულიყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატთა რეგისტრაცია.

საქალაქო სასამართლო დათანხმდა და რფკპ-ის 19 კანდიდატს გაუუქმა რეგისტრაცია. აპელაციის შემდეგ შვიდი მათგანი კვლავ აღადგინეს. პარტია ამჟამად რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართავს დანარჩენების აღსადგენად.

„და მათ აუცილებლად აღადგენენ,“ განაცხადა რფკპ-ის დეპუტატმა სახელმწიფო დუმაში, ალექსეი კურინნიმ. მაგრამ, მისი თქმით, მისი თანაპარტიელები კენჭისყრაში მონაწილეობას უკვე ვერ მოასწრებენ. „და ასეთი ვითარების გამო არჩევნების შედეგების გაუქმების პრეცედენტი არ არსებობს,“ დასძენს ის.

რფკპ-ის წინასაარჩევნო აგიტაცია ულიანოვსში
რფკპ-ის წინასაარჩევნო აგიტაცია ულიანოვსში

კურინნიმ აღნიშნა, რომ ულიანოვსკის საქალაქო საარჩევნო კომისიამ თავი არ შეიწუხა ამ კანდიდატთა რეგისტრაციის თაობაზე ადრე მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილების დასაცავად. ამის საფუძველზე პარტია ასკვნის, რომ ყველაფერი წინასწარ იყო გათვლილი.

„ჩვენს ერთ-ერთ კანდიდატს საარჩევნო კომისიამ მისცა მცდარი რჩევა, დასაქმების შესახებ გრაფაში ჩაეწერა ‘დროებით უმუშევარი’, ნაცვლად ‘უმუშევრისა,’“ უთხრა მან რადიო თავისუფლებას. „მოგვიანებით ეს მისი რეგისტრაციის გაუქმების მიზეზად დაასახელეს. წესით ამდენი შეცდომის შემდეგ კომისია უნდა დაეთხოვათ.“

ქალაქის საარჩევნო კომისიას სათავეში უდგას ვადიმ ანდრეევი, რომელიც ამავე დროს არის „ედინაია როსიას“ რეგიონული პოლიტსაბჭოს წევრი და მისი საინფორმაციო განყოფილების უფროსის მოადგილე. რადიო თავისუფლების თხოვნა, კომენტარი გაეკეთებინა ამ საკითხზე, ანდრეევმა უპასუხოდ დატოვა.

„ეს პოლიტიკური ბრძოლაა,“ თქვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინ ტოლკაჩოვმა, რომლის მეტოქეს რფკპ-იდან, რეგისტრაცია გაუუქმეს. „ლაპარაკია კონკურენციაზე. კომუნისტები საკუთარი არაკომპეტენტურობის მსხვერპლი გახდნენ. იურიდიული პრეცედენტები უნდა შეესწავლათ და მოსკოვში საკუთარ ხელმძღვანელებთან გაევლოთ კონსულტაცია.“

ულიანოვსკელი პოლიტიკური ანალიტიკოსი ნინა დერგუნოვა დარწმუნებულია, რომ „რუსეთის კომუნისტები“ „ედინაია როსიას“ საქმეს აკეთებენ.

„ისე გამოიყურება, თითქოს ‘ედინაია როსია’ საქმეში არაა გარეული. მაგრამ აშკარაა, რომ სურაიკინს საკუთარი ინიციატივით არ მოუფიქრებია ეს, მას დიდი ალბათობით ‘ედინაია როსიამ’ ან გუბერნატორის ადმინისტრაციამ უკარნახა ეს. მაგრამ მთელი უარყოფითი გამოხმაურებები მიმართული იქნება ‘რუსეთის კომუნისტების’ წინააღმდეგ. და ‘ედინაია როსია’ იტყვის: ‘ეს უბრალოდ კომუნისტებს შორის დავაა’.

მაგრამ კიდევ ერთი ულიანოვსკელი პოლიტოლოგი, ნიკოლაი ვასინი, დარწმუნებული არ არის, რომ მმართველი პარტია ამ ტაქტიკით გამორჩენას ნახავს. მრავალ ამომრჩეველს დღემდე არ მოსწონს „ედინაია როსია“ და მათ სურთ, მხარი დაუჭირონ ცვლილებებს, რამაც შეიძლება ვითარების რადიკალიზაცია გამოიწვიოს.

„ეს ხდება, როცა ხალხს წართმეული აქვს საკუთარი არჩევანის გაკეთების უფლება და მას აიძულებენ, რაღაც სხვა გააკეთოს,“ ამბობს ის. „ეს წარმოშობს მასობრივ უკმაყოფილებას, ეს ფაქტია. რთულია თქმა, რა ფორმას მიიღებს ეს უკმაყოფილება.“

ულიანოვსკი
ულიანოვსკი

შარშან მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლებამ დისკვალიფიკაცია გაუკეთა ლიბერალური ოპოზიციის თითქმის ყველა კანდიდატს, რასაც რამდენიმე კვირიანი მწვავე საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. 2018 წელს ულიანოვსკის ოლქის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებში ასევე გაუუქმეს რეგისტრაცია რფკპ-ის მრავალ კანდიდატსაც და ადგილობრივმა მოსახლეობამ მის ნაცვლად ხმა მისცა ვლადიმირ ჟირინოვსკის ნაციონალისტურ ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის.

„როცა ამომრჩევლები ხედავენ, რომ მათი კანდიდატები დისკვალიფიცირებული არიან და რომ ამის უკან ხელისუფლება დგას, მათ შეიძლება მხარი დაუჭირონ ვინმეს, ვინც ხელისუფლებას კიდევ უფრო ნაკლებად მოსწონს,“ ამბობს ვასინი. „პოლიტიკა ყველას კარგად არ ესმის... ‘ედინაია როსიასა’ და რფკპ-ს შორის მწვავე კონფლიქტი კონტროლს აღარ ექვემდებარება და ამომრჩევლებს აღარ ესმით, რა ხდება. ამიტომ მათი ხმები ნებისმიერმა მოულოდნელმა კანდიდატმა შეიძლება მიიღოს.“

13 სექტემბერს რუსეთის 18 რეგიონში აირჩევენ გუბერნატორებს, 11 რეგიონში კი - ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებს. გარდა ამისა, ჩატარდება სპეციალური კენჭისყრა სახელმწიფო დუმის ოთხი ადგილისთვის, პლუს მრავალი მუნიციპალური და ადგილობრივი არჩევნები.

„კრემლი კიდევ უფრო ამკაცრებს კონტროლს და იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა ახალი უფლებამოსილებები არასასურველი კანდიდატების დისკვალიფიკაციისთვის, გახანგრძლივებული წინასწარი კენჭისყრა, ელექტრონული კენჭისყრა, პოსტით კენჭისყრა და ულიმიტო მობილური კენჭისყრა შინიდან ან საამისოდ სახელდახელოდ მოწყობილი სპეციალური ადგილებიდან. ყველაფერი ეს სახელმწიფოს უამრავ შესაძლებლობებს უტოვებს მანიპულაციისა და კენჭისყრის გაყალბებისთვის, წერდა აგვისტოში წამყვანი ოპოზიციონერი ვლადიმირ კარა-მურზა Washington Post-ში.

არჩევნების მონიტორინგის დამოუკიდებელი ჯგუფის, „გოლოსის“ თანახმად, 2020 წლის არჩევნები „უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველაზე უარესი საკანონმდებლო ჩარჩოების ფარგლებში ჩატარდება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG