Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინის საავადმყოფო „შარიტე“: ნავალნის მდგომარეობა კვლავ მძიმეა


გერმანიის დედაქალაქის საავადმყოფომ, „შარეიტემ,“ გამოაქვეყნა ახალი განცხადება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მდგომარების შესახებ. განცხადებით, მოწამვლის შემდგომ საავადმყოფოში მყოფი ნავალნის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, მაგრამ ქოლინესტერაზის ინჰიბირების სიმპტომები, რაც დადასტურებულმა მოწამვლამ გამოიწვია, მცირდება.

ექიმები აღნიშნავენ, რომ მკურნალობამ შეიძლება უფრო დიდხანს გასტანოს, ვიდრე ამას ადრე მოელოდნენ და რომ არ არის გამორიცხული მძიმე მოწამვლის ხანგძლივი შედეგები.

"შარიტეს" განცხადებით, ნავალნი კომაშია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატით სუნთქავს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ბუნდესვერის, გერმანიის არმიის, ლაბორატორიის მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ნავალნი მოწამლეს ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებით, რომელიც საბჭოთა კავშირში შემუშავებული, ნერვულ-პარალიტიკური „ნოვიჩოკის“, ჯგუფს მიეკუთვნება.

ვითარება განიხილა გერმანიის მთავრობამ. ადრე ბერლინმა განაცხადა, რომ თუ პოლიტიკოსის მოწამვლის ვერსია დადასტურდა, ის რუსეთს სანქციებს დაუწესებს.

XS
SM
MD
LG