Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი აღშფოთებას გამოხატავს ნავალნის მოწამვლის გამო


თეთრმა სახლმა ოთხშაბათს აღშფოთება გამოხატა რუსული ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ნერვულ-პარალიტიკური აგენტით, „ნოვიჩოკით“, მოწამვლის გამო, რაზეც გერმანიის ხელისუფლება იტყობინებოდა.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ „ტვიტერში“ აღნიშნა, რომ რუსეთმა „წარსულში“ უკვე გამოიყენა „ნოვიჩოკი“ და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იმუშავებს მოკავშირეებთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და შეეზღუდოთ დაფინანსება მათი ბოროტი ქმედებებისთვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ აქვს საფუძველი ეჭვქვეშ დააყენოს გერმანიის ხელისუფლების დასკვნები იმის შესახებ, რომ ნავალნის მოსაწამლად „ნოვიჩოკი“ გამოიყენეს, - განაცხადა ოთხშაბათს ამერიკის მთავრობის ანონიმურმა წყარომ, რომელიც აშშ-ის დაზვერვის ანალიტიკურ მონაცემებს იცნობს. ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

წყაროს თანახმად, „ნოვიჩოკის“ გამოყენებამ აჩვენა, რომ პუტინი მზადაა „გაბედული“ ქმედებებისათვის იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ის სახიფათოდ ან გამაღიზიანებლად მიიჩნევს და ამით სურს იმის დემონსტრირება, რომ იგი მთავარია და მას უსიტყვოდ უნდა ემორჩილებოდნენ.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სისხლში აღმოაჩინეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება.

შტეფენ ზაიბერტმა, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესმდივანმა, 2 სექტემბერს განაცხადა, რომ გერმანიის საგანგებო სამხედრო ლაბორატორიის დასკვნით, ეს არის „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება.

ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა თვითმფრინავში, როცა ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა 20 აგვისტოს. თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა ომსკში, სადაც პოლიტიკოსი საავადმყოფოში მოათავსეს. მოგვიანებით ის ბერლინში იქნა გადაყვანილი.

44 წლის ნავალნი ბერლინის შარიტეს საავადმყოფოში იმყოფება ხელოვნულ კომაში.

"ნოვიჩოკი" საბჭოთა კავშირში შეიქმნა და მისი კვლევა გაგრძელდა რუსეთში. მისი, როგორც საბრძოლო დანიშნულების ნერვული მოქმედების ნივთიერების გამოყენება, აკრძალულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG