Accessibility links

პროკურატურა: შაქარაშვილის საქმეზე მედიამ, ზოგმა ადამიანმა, შეითავსა მოსამართლის ფუნქცია


პროკურორ ამირან გულუაშვილის განმარტებით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატებს, მხოლოდ და მხოლოდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დაუწესდათ საქმის ახალ მასალებზე გაუთქმელობის პირობის შესრულება.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საქმის მასალების განხილვა, ადვოკატებისა და მედიის მიერ, პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა, რაც საფრთხეს უქმნიდა გამოძიების ინტერესებს:

„დაცვის მხარისათვის გაუთქმელობის პირობის დაწესების მიზანი, ნამდვილად არ ყოფილა მათთვის დაცვის უფლების განხორციელების შეზღუდვა. საუბარია იმაზე, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები, მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი საკითხი გასარკვევი იყო, გამოძიება ჯერ კიდევ აფუძნებდა თავის ვერსიებს სხვადასხვა პირთა დაკითხვებთან დაკავშირებით, მივიღეთ ისეთი მოცემულობა, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების განხილვა სხვადასხვა მედიით მიმდინარეობდა პირდაპირ ეთერში. შესაბამისად, სწორედ გამოძიების ინტერესი იყო ის პრიორიტეტი, რის გამოც დაცვის მხარეს შეეზღუდა შესაძლებლობა აქტიურად განახორციელოს სისხლის სამართლის მასალების განხილვა. ამისთვის არსებობს სასამართლო განხილვები, სადაც მათ ექნებათ სრული შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი პოზიცია.

გარდა ამისა, ფაქტობრივად, ჩვენ მივიღეთ მოცემულობა, როდესაც მედია არა მხოლოდ ინტერესდება სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობით, არამედ, მედიამ და გარკვეულმა ადამიანებმა შეითავსეს მოსამართლის ფუნქციაც კი და თვლიან, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად შეაფასონ ისეთი სპეციფიკური საკითხები, როგორიც არის მაგალითად, მტკიცებულებათა გაანალიზება, რაც რეალურად შედის ძალიან კომპეტენტური იურისტების კომპეტენციაში, ვგულისხმობ მოსამართლეებს“.

შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირების ადვოკატებს გამოძიებამ გაუთქმელობის პირობაზე აგვისტოს შუა რიცხვებში მოაწერინა ხელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG