Accessibility links

ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმას გამყრელიძე ინფორმაციის მოპოვებას არ უკავშირებს


ამირან გამყრელიძე ვარაუდობს, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერთავდასხმის მიზანი ინფორმაციის მოპოვება არ ყოფილა. როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, მათი ყველა ინფორმაცია გამჭვირვალეა.

„დევს სხვადასხვა სოციალურ და ვებგვერდებზე. ხშირად ჩვენი პუბლიკაციები პრესაშია, იქნება ეს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრესა, ამიტომ არ მგონია ეს“, - განმარტა გამყრელიძემ. მან გაიხსენა რუსეთის დუმის დეპუტატის იური შვიტკინის ბრალდება იმის შესახებ, რომ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის მომწამლავ ნივთიერებას, რუსეთი არ აწარმოებს, მისი თქმით, მსგავსი ლაბორატორიები საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს.

„უბრალოდ, ვფიქრობ, გუშინ, რომ გამოჩნდა, თითქოს „ნოვიჩოკი“ მზადდება და მათ შორის ეს ლაბორატორიაც დასახელდა, ეს მორიგი თემის გაღვივებაა. რადგან ლუგარი ქართულ-ამერიკული პროექტი გახლავთ, როდესაც უნდათ ასე აღვივებენ ამ თემას. ვინც, ამ საკითხს აღვივებს, ყოველთვის ცდილობს, რომ დისკუსიაში შეგვიყვანონს და უკვე, ამას აღარ ვპასუხობ. ამაზე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი ჭორი, მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“, რომელზეც უნდათ, რომ როგორმე დისკუსიაში შეხვიდე“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით უცხო ქვეყნიდან განხორციელებული კიბერშეტევის შედეგადაც თავდამსხმელებმა მოიპოვეს და გაავრცელეს ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაცია და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შსს-ის განცხადებით, კიბერშეტევა 2020 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ განხორციელდა, მოპოვებული ინფორმაცია კი ფალსიფიცირებული სახით გავრცელდა ინტერნეტში.

ასევე ნახეთ: საქართველოში პასუხობენ რუსი დეპუტატის ბრალდებებს - საქმე „ნოვიჩოკის“ წარმოებას ეხება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG