Accessibility links

ევროკავშირი გადაჭრით გმობს ალექსეი ნავალნის მოწამვლას და რუსეთს მოუწოდებს დანაშაულის გამოძიებისკენ


ევროკავშირი გადაჭრით გმობს ალექსეი ნავალნიზე რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ თავდასხმას „ნოვიჩოკის“ ჯგუფში შემავალი ანალოგიური ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც სერგეი და იულია სკრიპელებზე, სოლსბერიში მომხდარი თავდასხმის დროს იქნა გამოყენებული, 2018 წლის 4 მარტს, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერის, პიტერ სტანოს, მიერ ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.

ალექსეი ნავალნიმ, რომელიც 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა, თვითმფრინავში გონი დაკარგა.

კომაში მყოფი რუსი პოლიტიკოის 22 აგვისტოს გადაიყვანეს ბერლინის კლინიკა „შარიტეში“.

2 სექტემბერს გერმანიის შეიარაღებული ძალების სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამლეს სამხედრო კლასის ნერვულ-პარალიტიკური ქიმიური აგენტით, რომელიც საბჭოთა კავშირში შექმნილ და რუსეთში განვითარებულ, „ნოვიჩოკის“ ჯგუფს განეკუთვნება.

„ეს ახალი თავდასხმა რუსეთის მოქალაქეზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მოხდა. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა სრული ღიაობის პირობებში მოხდეს ამ დანაშაულის საფუძვლიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, რომ სრულად ითანამშრომლოს ქიმიური იარაღის აკრძალვის (OPCW) ორგანიზაციასთან.

„ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში ყოვლად გაუმართლებელია და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო სტანდარტების სერიოზულ ხელყოფას. ევროკავშირი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი რეაგირებისკენ და იტოვებს უფლებას, რომ მიმართოს შესაბამის ქმედებებს, მათ შორის შემზღუდავ ზომებს“, - ნათქვამია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის განცხადებაში.

რუსეთი უარყოფს ნავალნის მოწამვლა ქიმიური იარაღის ელემენტით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ არ არსებობს რუსეთის დადანაშაულების საფუძველი და ამ საკითხზე რუსეთის პრეზიდენტი არ მიიჩნევს საჭიროდ რაიმე განცხადების გაკეთებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG