Accessibility links

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევაა


13 ინფიცირებულიდან 9 პირი კაფე საკონდიტრო „დონას“ კონტაქტებიდანაა. ერთი ინფიცირებული მუნიციპალური ტრანსპორტის ინფიცირებული მძღოლის კონტაქტია. ერთი საკარანტინე სივცრიდან. ორი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრია. ინფორმაციას აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტრო აზუსტებს აგრეთვე გუშინ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ „საქართველოს ბანკის“ ორ თანამშრომელს, რომლებიც ბათუმში, საკონდიტრო „დონაში“ იმყოფებოდნენ, COVID - 19 დაუდგინდა.

აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვირუსი დადასტურებული აქვს „საქართველოს ბანკის“ მხოლოდ ერთ თანამშრომელს.

დღევანდელი მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულია 58 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 3 პაციენტი.

ბათუმში კაფე-საკონდიტრო „დონა" 31 აგვისტოს დაიხურა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე გამყიდველ-კონსულტანტს ვირუსი გამოუვლინდა. ვირუსი დაუდგინდა ერთ-ერთ მეპატრონეს, რომელიც მუშაობდა საკონდიტრო კაფეში. ამ მიზეზით თვითიზოლაციასა და კარანტინში 100-ზე მეტი პირი გადავიდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 28-ით გაიზარდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 1596 შეადგინა.

ოფიციალურ საიტზე, STOPCOV.GE-ზე განახლებული მონაცემების მიხედვით, 15-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. ამ დრისათვის გამოჯანმრთელებულია 1294 ინფიცირებული, გარდაცვლილია 19 ადამიანი.

4 სექტემბრის დილის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6250 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 289. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG