Accessibility links

site logo site logo

მოსკოვის სასამართლომ უარი თქვა ნავალნის გუნდის მოთხოვნაზე სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმის შესახებ


ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ გიმადი მოსკოვის სასამართლოს შენობის დატოვებისას 4 სექტემბერს

მოსკოვის სასამართლომ უარი უთხრა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის იურისტთა გუნდს, რომელმაც მოითხოვა რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა ნავალნის სავარაუდო მოწამვლის საქმეში, იტყობინება რუსეთის სახელმწიფო მედია, რომლის ამ ინფორმაციას სააგენტო დე-პე-ა ავრცელებს.

სასამართლო არ ეთანხმება იურისტთა გუნდს, რომ ხელისუფლება არასათანადოდ იძიებს ნავალნის სავარაუდო მოწამვლის საქმეს, როცა ის ციმბირის ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში ბრუნდებოდა.

რუსეთმა თავიდან უარი თქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე, აცხადებდა რა, რომ არ მოიპოვებოდა საკმარისი მტკიცებულება.

გერმანიის ხელისუფლებმა განაცხადეს, რომ ტოქსიკოლოგიური ტესტის შედეგად ნავალნის ორგანიზმში გამოვლინდა სამხედრო კლასის ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ კვალი. ნავალნი ბერლინის "შარიტეს" საავადმყოფოში იმყოფება ხელოვნულ კომაში.

რუსეთის პოზიცია გაიმეორა პროკურორმა სასამართლოში:

„წარმოდგენილი მასალა მოწმობს, რომ გამომძიებლების მხრიდან დარღვევა არ მომხდარა“, მოჰყავს სააგენტო ტასს პროკურორის განაცხადება სასამართლოზე.

ნავალნის გარშემო ინციდენტის გამო ევროპის 100-ზე მეტი პარლამენტარი გამოვიდა მოწოდებით, სანქციები დაუწესონ იმ პირებს, რომლებიც რუსეთში ოპოზიციონერებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმებთან არიან დაკავშირებული.

ევროკავშიროის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საქმეთა ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელისადმი მიწერილ ღია წერილში ევროპის პარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წევრები გამოთქვამენ მოწოდებას საქმის „სრული და გამჭვირვალე“ გამოძიებისკენ. კანონმდებლები „უკიდურესად სკეპტიკური არიან, რომ რუსეთის ხელისუფლებას შესწევს უნარი და აქვს ნება, გამოიძიოს დანაშაულის რეალური მიზეზი“, წერენ პარლამენტარები.

ჯოზეფ ბორელმა 3 სექტემბერს ღიად გამოთქვა შესაძლებლობა, რომ ნავალნის მოწამვლის საპასუხოდ ნაბიჯები გადაიდგმება. ბორელმა მიუღებელი უწოდა ქიმიური იარაღის გამოყენებას ნებისმიერ ვითარებაში.

4 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭო მართავს შეხვედრას ნავალნის მოწამვლის გარშემო, თუმცა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობები შუზღუდულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG