Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ციხანოუსკაიამ გაეროს მოუწოდა, ბელარუსში მეთვალყურეთა საერთაშორისო მისია გააგზავნოს


ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ 4 სექტემბერს გაეროს მოუწოდა, გააგზავნოს ბელარუსში საერთაშორისო მეთვალყურეთა ჯგუფი, რათა ნახონ რა ხდება ქვეყანაში, სადაც უკვე თითქმის ერთი თვეა გრძელდება საპროტესტო აქციები.

ციხანოუსკაია გაეროს უშიშროების საბჭოს არაოფიციალურ შეხვედრაში ჩაერთო ლიეტუვიდან, სადაც ის იძულებული იყო ემიგრირებულიყო კენჭისყრის შემდეგ.

ბელარუსი ოპოზიციონერი ასევე მოუწოდებს გაეროს, მოაწყოს ადამიანის უფლებების საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ბელარუსს მიეძღვნება.

მან განაცხადა, რომ უშიშროების ძალები ბელარუსში არაპროპორციულ ძალას იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ, არღვევენ ადამიანის უფლებებს და პატივს არ სცემენ ადამიანის ღირსებას.

მინსკში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს 9 აგვისტოს შემდეგ მას მერე, რაც მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკა, ოფიციალურად გამოცხადდა გამარჯვებულად კენჭისყრაში, რომელის შედეგებს დასავლეთი, ასევე ოპოზიცია, არ ცნობენ. პოლიციამ გამოიყენა ძალა დემონსტრანტების წინააღმდეგ, ათასობით ადამიანი დააკავეს, საპატიმროში ცემეს და დაამცირეს.

სამშვიდობო გამოსვლები ბელარუსში გრძელდება, კვირისთვის დაგეგმლია მასობრივი გამოსვლა ლუკაშენკას წინააღმდეგ.

ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ ბელარუსის ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციების შემოღებას. ბალტიის ქვეყნებმა უკვე დაუწესეს მინსკს სანქციები. რუსეთმა ლუკაშენკას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG