Accessibility links

ალხას კვიცინია უარყოფს რომ ბჟანიამ აფხაზეთში ინაშვილის ჩასვლას შეცდომა უწოდა


ალხას კვიცინია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის უფროსმა ალხას კვიცინიამ „აფსნიპრეს“-თან ინტერვიუში ილაპარაკა შეხვედრის შესახებ, რომელზეც განიხილეს აფხაზეთში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ჩასვლის საკითხი.

როგორც კვიცინია ამბობს, „პრეზიდენტმა“ და „პარლამენტის დეპუტატებმა“ იმსჯელეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხთა ფართო წრეზე. განხილულ თემებს შორის იყო აფხაზეთში ქართველი პოლიტიკოსების, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების ჩასვლის საკითხი. კვიცინიას თქმით, ასლან ბჟანიამ უპასუხა ამ თემაზე დეპუტატებისთვის ყველა საინტერესო შეკითხვას.

„აფსნიპრეს“-მა კვიცინიას ჰკითხა: „ვებსაიტზე apsnypublic.ru „დეპუტატებზე“ დაყრდნობით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომელშიც ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანიამ შეკითხვაზე (რა საფუძვლით მიიღო გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან თანამშრომლობის შესახებ?) უპასუხა: „ჩვენ დავუშვით შეცდომა“. ეს ასეა?“

ასლან კვიცინიას თქმით, „ასეთი არ ყოფილა. ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება“.

მართალია, კვიცინიამ უარყო ბჟანიას მხრიდან შეცდომის აღიარების შესახებ მედიაში გასული ინფორმაცია, თუმცა ამ ინტერვიუში რესპონდენტს არ ულაპარაკია კიდევ ერთი ცნობის შესახებ, რომლის თანახმად, ბჟანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ თანამშრომლობისა და სამომავლოდ აფხაზეთის აღიარებისთვის მზადაა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში კვიცინიას განცხადების შესახებ განსხვავებული ინტერპრეტაციით ილაპარაკა.

კვიცინიასთან ინტერვიუზე დაყრდნობით, ინაშვილმა თქვა: „ბჟანიას მსგავსი განცხადება იმ დახურულ შეხვედრაზე არ გაუკეთებია, რომ ვითომ ჩვენს რამეს ვაღიარებთ“.

ირმა ინაშვილის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ილორის ტაძრისთვის ხატის გადაცემას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში წინააღმდეგობა და ვნებათაღელვა მოჰყვა.

სტუმრობამ შეიწირა მათი მასპინძლის, დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის, ლაშა საკანიას, თანამდებობა.

26 აგვისტოს, თანამდებობის დატოვებამდე, დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მრჩეველმა განაცხადა, რომ ქართველი პოლიტიკოსების სტუმრობა იყო ჰუმანიტარული აქცია ილორის ეკლესიისათვის ხატის გადაცემით, რომელსაც საფუძვლად დაედო თხოვნა მოსკოვიდან.

ამგვარი განმარტების მიუხედავად, ლაშა საკანია ლამის სამშობლოს ღალატში დაადანაშაულეს ოკუპირებული აფხაზეთის პარლამენტის წევრებმა.

გალის რაიონის სეპარატისტული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, თემურ ნადარაიამ, დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობა 2016 წელს მიღებული სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

21 აგვისტოს, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა საიდუმლო შეხვედრა გამართეს „პრეზიდენტის“ თანაშემწე ლაშა საკანიასთან. „არუაამ“ საკანიასა და შესაბამისი სტრუქტურებისგან მოითხოვა ახნა-განმარტება და დე ფაქტო პარლამენტს საკომიტეტო მოსმენისკენაც მოუწოდა.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი, პარტია „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ლაშა საკანია აცხადებდა, რომ არანაირი საიდუმლო მოლაპარაკება არ ჰქონია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებთან და აფხაზეთში მათი ჩასვლა იყო მხოლოდ ჰუმანიტარული აქცია.

24 აგვისტოს, პრესკონფერენციაზე, ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარესთან გიორგი ლომიასთან ერთად. დიახ, ნამდვილად ვიყავით. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში, - განაცხადა ინაშვილმა.

მოგვიანებით მან თავის ფეიბუკის გვერდზე ილორის ტაძარში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების ვიზიტზე აფხაზეთში ინფორმაცია თავდაპირველად „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 20 აგვისტოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG