Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ერთი უკვე გაწერეს კლინიკიდან


თბილისში, კოსტავას ქუჩაზე 4 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. პაციენტს, რომელიც სავარაუდოდ კლუბ „დეჟავუს“ თანამშრომელია, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდა ოპერაცია და ამჟამად მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

„პაციენტს აღენიშნებოდა დამწვრობა სახის, გულმკერდისა და კიდურების არეში. მას ასევე აღენიშნებოდა ჭრილობა მხრისა და კისრის არეში. პაციენტს ჩაუტარდა სრულყოფილი კვლევები და არ გამოვლინდა მძიმე დაზიანებები. გამოვლინდა მხოლოდ ე.წ. ბაროტრავმით გამოწვეული ფილტვის დაჟეჟილობა. პაციენტი გამოსულია შოკიდან და მისი მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე“, - აცხადებენ ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

შედარებით მსუბუქია მეორე პაციენტის, სავარაუდოდ - მუშის მდგომარეობა, რომელიც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს. კლინიკის ინფორმაციით, შესაძლებელი იქნება, რომ ეს პაციენტი ორ დღეში გადავიდეს ამბულატორიული მკურნალობის რეჟიმში.

„პაციენტი შემოვიდა დიაგნოზებით - პოლიტრავმა, გულმკერდისა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა ნაფლეთოვანი ჭრილობები კისრისა და მარჯვენა კიდურის მიდამოებში. პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სრულყოფილი გამოკვლევა და ჩაუტარდა ოპერაცია. მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია“, - აცხადებენ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში.

აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ ერთი პირი უკვე გაეწერა რესპუბლიკური საავადმყოფოდან.

კოსტავას ქუჩაზე, ფილარმონიასთან, კლუბ „დეჟავუს“ მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება 4 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. დაიღუპა ერთი პირი - მუშა, რომელიც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა.

წინასწარი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით სამშენებლო სამუშაოების დარღვევით წარმოება, რა დროსაც ადამიანი დაიღუპა, ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG