Accessibility links

ამერიკული ტექნიკის ვაზიანისკენ გადაადგილების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება


ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების გამო 6 და 8 სექტემბერს შეიზღუდება მოძრაობა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე - ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების ინფორმაციით, „ამერიკული სამხედრო ტექნიკით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი 6 და 8 სექტემბერს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება, რის გამოც ავტომაგისტრალზე მოძრაობა დღის განმავლობაში გარკვეული შეზღუდვებით განხორციელდება“.

აშშ-ის სამხედრო ტექნიკა საქართველოში საზღვაო გზით შემოვიდა და მათ შორის არის: საბრძოლო ჯავშანმანქანები - „სტრაიკერი“, ჯავშანმანქანები - „ჰამერი“, ლოგისტიკური მხარდამჭერი მანქანები და არტილერია.

ამერიკული ტექნიკა გამიზნულია მრავალეროვანი სამხედრო სწავლებისთვის - „ღირსეული პარტნიორი 2020“, რომელიც 7-18 სექტემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართება. სწავლებაში მონაწილეობს საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

საერთაშორისო სამხედრო სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონია 7 სექტემბერს ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე გაიმართება.

მრავალეროვანი საერთაშორისო სამხედრო სწავლება - „ღირსეული პარტნიორი“ წელს საქართველოში უკვე მეხუთედ იმართება. „საერთაშორისო სწავლება საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მზარდი თანამშრომლობის ნათელი მაგალითია“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

უწყება მოქალაქეებს ბოდიშს უხდის ავტომაგისტრალის ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის შეფერხებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG