Accessibility links

ისტორიის იმედად


ვისაც ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" წაუკითხავს (ხომ შეიძლება, ეს თუნდაც საგაზაფხულო კარანტინის დროს მომხდარიყო?), მას შესანიშნავად მოეხსენება, რომ ამ გენიალურ რომანში გმირებს ისტორია მართავს და არა პირიქით. გმირი, როგორც წესი, ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს ისტორიულ პროცესზე, მოგებული კი საბოლოოდ ის რჩება, ვინც ხელს არ შეუშლის ისტორიის მდინარებას, ვინც შესაძლოა არც იყოს მრავალი სათნოებით შემკული, მაგრამ მთავარს კი ფლობდეს ამ შემთხვევაში - ისტორიულ ინტუიციას.

რომანში (და ნაწილობრივ ისტორიულადაც) სწორედ ამ უნარით ჯაბნის ნაპოლეონს კუტუზოვი: მაშინ, როცა საფრანგეთის იმპერატორი მუდმივ ქმედებაშია და აგერ გამოცარიელებულ მოსკოვშიც კი შედის თავისი დეგრადირებისთვის განწირული არმიით, კუტუზოვი (თუ ის იდეა, რომელსაც კუტუზოვი გამოხატავს ტოლსტოი-ფატალისტის რომანში) შედეგს იმითღა აღწევს, რომ არაფერს აკეთებს, არ მოქმედებს, ბრძოლაში არ შედის და საერთოდაც გარეგნულად სრულიად პასიურია, რადგან ის სწორედ ინტუიციის წყალობით ხვდება, რომ ახლა ისტორიას უნდა აცალოს - როგორც ისტორია გადაწყვეტს, ისე იქნება და არა როგორც ეს ნაპოლეონს უნდა...

ეს უდავოდ საკამათო საკითხია - ადამიანები ახდენენ გავლენას ისტორიულ მოვლენებზე თუ ისტორიულ-მეტაფიზიკური ძალები განსაზღვრავენ ერების თუ ადამიანების ბედს, მაგრამ ტოლსტოისთან ნაპოლეონი მართლაც იმავეს აკეთებს, რითაც აქამდე აღწევდა გამარჯვებას - ეგვიპტიდან დაწყებული პრუსიის დედაქალაქამდე, ბრძანებებით თუ სტრატეგიით, და რაოდენ დიდია მისი განცვიფრება, რომ ომის ყველა კანონის დაცვის მიუხედავად, ვერაფრით აღწევს ჩვეულ წარმატებას, - ის ხომ არ შეცვლილა, ახლაც ისე იქცეოდა, როგორც წინა ტრიუმფების დროს, თუმცა უეცრად ახალი და ყველაზე მოუხელთებელი მტრის წინაშე აღმოჩნდა - არა რუსეთის (რომელიც ფაქტობრივად არც არსებობს ტოლსტოის რომანში როგორც ძალა), არამედ ისტორიის, ისტორიას კი აღარ უნდა, რომ ნაპოლეონი იყოს გამარჯვებული, რადგან ისტორიამ ახლა ასე გადაწყვიტა...

ამრიგად, ტოლსტოის აზრით, გამარჯვებული ის რჩება (თუკი საუბარი ამა თუ იმ ისტორიულ და არა პერსონალურ გამარჯვებაზეა), ვინც სხვაზე (ან სხვებზე) მეტი მგრძნობელობით (გნებავთ, ადეკვატურობით) გამოირჩევა ისტორიის მიმართ, რადგან ვინ როდის გახდეს გმირი და რა ნიშნით შერჩეს ისტორიას ესა თუ ის ეპოქა, არა ადამიანი, არამედ ადამიანის მიერ ვერმართული - და პირიქით, სწორედ ადამიანთა მმართველი ძალა წყვეტს (ჰომეროსის "ილიადაში" სიტყვა ისტორია შეგვიძლია ღმერთებით ჩავანაცვლოთ, ჰეგელი ამ ფენომენს ისტორიაში მცხოვრებ ან ისტორიის მამოძრავებელ სულს უწოდებს).

მეოცე საუკუნის მიწურული რომ გავიხსენოთ, ტოლსტოის რომანის ფილოსოფიური კონცეფციის მიხედვით, არა იმდენად ადამიანების (ადამიანები მხოლოდ ისტორიის "ინსტრუმენტია"), არამედ ისტორიის სურვილი ყოფილა, რომ ოთხმოცდაათიანი წლები ცვლილებების დრო ყოფილიყო, 2000-იანების დასაწყისი კი - რევოლუციების. ისტორიამ ცვლილებების "კარიბჭე" გახსნა ამ პერიოდში და ვისაც სათანადო ინტუიცია და გამბედაობა აღმოაჩნდა, სწორედ ის იქცა ისტორიის ნების წარმატებულ აღმასრულებლად.

ახლა კი ისტორიამ თითქოს ბოქლომი დაადო ცვლილებებს, პოლიტიკოსები ისტორიულ გიგანტებს იმიტირებენ, მაგრამ რეალურად (თუკი რეალობა სადღაც მაინც არსებობს დღევანდელ პოსტმოდერნისტულ სინამდვილეში) ყველაფერი სიმულაციური და არანამდვილია, თითქოს ეპოქაც ნაკლულია და მისი "გმირებიც": მცდელობის მიუხედავად, თავს ვერც დიქტატორები გრძნობენ სამუდამოდ დაცულად, არც რევოლუციონერებს გამოუდით რევოლუცია და როგორც არ უნდა აქტიურობდნენ, ვერც პოპულისტები პოპულისტობენ დამაჯერებლად... ყველა და ყველაფერი ვერშექმნილ ან გადაბერებულ ისტორიულ-ემბრიონულ მდგომარეობაშია გაშეშებული.

აგერ ჩვენს დღევანდელობას რომ დავაკვირდეთ (მესმის, შესაძლოა მეტისმეტად დიდი "დაღმასვლა" იყოს ტოლსტოიდან და მით უმეტეს, ჰომეროსიდან, მაგრამ, ვფიქრობ, არც ისე შორი ანალოგიაა), ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თუკი პოლიტიკური (ისტორიული) ცვლილების სურვილი არსებობს ჩვენში - ეს უაღრესად პასიურად გამოიხატება. თითქმის არც. ისე მეჩვენება, რომ ოპოზიციურ პოლიტიკოსთა (თუ პარტიათა) უმრავლესობას ცვლილებები კი არ უნდა, არამედ მეტ-ნაკლებად კომფორტული "ტერიტორიების" მოპოვება-დაჯავშნა არსებული მთხლედ მბორგავი ხელისუფლების სამომავლო მართვის პირობებში (ცვლილება თუ არა, ხელისუფლების ერთმნიშვნელოვნად შეცვლა კი უთუოდ უნდა ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ დევნილს საქართველოდან, ვინც ზოგჯერ ისტორიის ბრუნვის შესაბამისად ან სრულიად შეუსაბამოდ მოძრაობს, ოღონდ არა მგონია, რომ ახლა ის საყოველთაო ცვლილების სურვილთან ან მით უმეტეს, სიახლესთან იყოს ასოცირებული).

შესაძლოა ვცდებოდე (და იმედია, ვცდები კიდეც), მაგრამ ისე ჩანს, რომ ხელისუფლების ოპოზიციას - ხმამაღალი და მჭექარე სიტყვების მიუხედავად - არა არსებული პოლიტიკური status quo-ს შეცვლა, არამედ თავიანთი სტატუსების უცვლელობა ან ახალი უპრეტენზიო სტატუსების "დაბევება" უნდა. ანუ არა რაიმეს ტრანსფორმაცია ზოგადად, არამედ იღბლის შემთხვევაში, ათიოდე უცოდველი სულით შესვლა პარლამენტში...

თუ იქნებ ეს არა რომელიმე პოლიტიკოსის, პარტიის ან საერთოდ დღევანდელი საზოგადოების, არამედ ისევ და ისევ ტოლსტოის ფატალისტური პოზიციის მიხედვით, ისტორიის გადასაწყვეტია, რა, როდის და როგორ შეიცვალოს, და ამიტომ იმაზე მეტს, რაც ახლაა, ვერც ვერაფერს მოვითხოვთ?!

და როცა ისტორიას მოუნდება - მკაფიოობაც და სიცხადეც მაშინ გაჩნდება.

შესაბამისად, არა ადამიანებს, არამედ ისტორიას უნდა შევყურებდეთ მორჩილად - როდის ინებებს თავად რაღაცის გადაწყვეტას...

და პიერ ბეზუხოვის მსგავსად, სულ მცირე, შინ მაინც არ დავრჩეთ, როცა ხვალ, ზეგ, ან ოდესმე ის ისევ მოგვთხოვს გარეგან და ხილულ დინამიკურ პროცესში ჩაბმას...

ასე რომ, ისტორია, ჩვენ ისევ შენს იმედად ვართ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG