Accessibility links

COVID-19-ით ინფიცირებული ჩვილი ჩოხატაურიდან ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი


ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს 3 თვის ბავშვი, რომელსაც COVID-19 გურიაში, ჩოხატაურში დაუდასტურდა. ექიმების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმის არის და მას საჭირო კვლევები უტარდება.

„ახლახანს კატასტროფის ბრიგადამ შემოიყვანა ჩვილი, დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზით. მცირეწლოვანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ხასიათდება, არ აღენიშნება პნევმონია და სხვა გართულებები. ამ ეტაპზე, ბოქსირებულ განყოფილებაში 10 კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას“, - განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ.

კლინიკის ინფორმაციით, ჩვილის მშობლებს ვირუსი არ დაუდასტურდათ. ინფიცირების წყაროზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა; ქვეყნის მასშტაბით სულ 1621 ინფიცირებულია აღრიცხული.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებსაიტზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპისთვის კლინიკებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 299 პაციენტი იმყოფება.

ამავე წყაროს ცნობით, ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 6020 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. ქვეყანაში COVID-19-ის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG