Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში "ქალთა მარშზე" ჟურნალისტები დააკავეს


მინსკში მსხვილი საპროტესტო აქციის, „ქალთა მარშის“ გაშუქებისას დააკავეს ტელეარხ „ბელსატის“ ორი ჟურნალისტი, მაქსიმ კალიტოვსკი და ალენა დუბოვნიკი, როცა მათ პირდაპირი ეთერი მიჰყავდათ. როგორც პორტალი Tut.by იტყობინება, მარშის მონაწილე ქალები შეეცადნენ, ნიღბიანი პირებისთვის ხელი შეეშალათ ჟურნალისტების დაკავებაში, მაგრამ ვერ შეძლეს ეს.

ჟურნალისტები დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებაში, სანამ მათ კვლავ გაათავისუფლებდნენ.

როგორც ბელარუსის მედია იტყობინება, აქციის მონაწილენი შეიკრიბნენ კომაროვსკის ბაზართან, შემდეგ კი კოლონის სახით დაიძრნენ დამოუკიდებლობის გამზირისკენ. ქალებს ხელში ეჭირათ პლაკატები, ყვავილები, თეთრ-წითელ-თეთრი დროშები, რაც პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ პროტესტის ტრადიციული სიმბოლოა. მძღოლები მანქანის საყვირებით გამოუხატავდნენ მხარდაჭერას აქციის მონაწილეებს.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, მარშმა თავი მოუყარა ათი ათასამდე მონაწილეს.

მანამდე მინსკში გაიმართა სტუდენტთა სოლიდარობის აქცია. როგორც ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, 5 სექტემბერს გამართულ არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებებზე 30 ადამიანი დააკავეს.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მასობრივი აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიცალური შედეგების წინააღმდეგ. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მეექვსედ გაიმარჯვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს. ბევრი მათგანი მოგვიანებით ჰყვებოდა წინასწარი დაკავების ადგილებში მათ წამებასა და დამცირებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG