Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლების 29-ე დღეს 180-ზე მეტი ადამიანი დააკავეს


ათეულათასობით ადამიანი გავიდა მინსკის და სხვა ქალაქების ქუჩებში ბელარუსში, 6 სექტემბერს, პრეზიდენტ ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლების 29-ე დღეს.

ბელარუსის დედაქალაქში დემონსტრანტები გაიძახოდნენ ლოზუნგებს: „სირცხვილი“ და „გაუმარჯოს ბელარუსს!“. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ოპოზიციის სიმბოლო, წითელ-თეთრ-წითელი დროშა, რომელიც ხელისუფლების მიერ აკრძალულია.

6 სექტემბრის აქციები გაიმართა სახელწოდებით „ერთიანობის მარში“ და მათი ლოზუნგია „ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“. ისევე, როგორც წინა დღეებში გამართული მარშები, ის არ არის ხელისუფლებასთან შეთანხმებული.

კვირას მინსკში გამართულ მსხვილ საპროტესტო აქციაზე 180-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ამის შესახებ იტყობინება უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვიასნა“. ადამიანის უფლებების დამცველები და სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები ასევე იტყობინებიან დაპატიმრებებზე ბელარუსის სხვა ქალაქებში - გროდნოში, ბრესტში, ბარანოვიჩიში, მოგილიოვსა და ვიტებსკში.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის თანახმად, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის კონფრონტაცია მოხდა ჰროდნასა და მაჰილიუში.

Tut.By თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება გროდნოში სასტიკი მეთოდებით დაკავებებზე. „ხალხს თმებით მიათრევდნენ მიწაზე, ურტყამდნენ, მისდევდნენ, გაუშვეს ცრემლსადენი გაზი“, აცხადებს ერთ-ერთი ქალი, რომლის სიტყვებიც მოჰყავს მედიას. ძალისმიერი მეთოდებით დაკავებაზე იტყობინებიან მინსკიდანაც, სადაც ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეტაკების შემდეგ სამედიცინო დახმარება ითხოვა რამდენიმე ადამიანმა.

ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება მასობრივი აქციები საპრეზიდენტო არჩევნების ოფიცალური შედეგების წინააღმდეგ. ცესკოს თანახმად, არჩევნებში მეექვსედ გაიმარჯვა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. საპროტესტო გამოსვლების პირველ დღეებში „ომონი“ სასტიკად გაუსწორდა აქციების მონაწილეებს. დაშავდა ასობით ადამიანი, ათასობით დააკავეს. ბევრი მათგანი მოგვიანებით ჰყვებოდა წინასწარი დაკავების ადგილებში თავიანთ წამებასა და დამცირებაზე.

XS
SM
MD
LG