Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ გაბუნიას თქმით, საგანგებო ზომების შემოღების საფუძველი არ არსებობს


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება სახიფათო გავრცელების ნიშანი არ არის და ის არც ახალი ტალღის დაწყებაზე მიანიშნებს. მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ ე.წ. კორონას შუქნიშნის თანახმად, საქართველო თავისი მონაცემებით იმ ზონაში რჩება, რომლის მიხედვითაც რაიმე შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა არ დგას.

თამარ გაბუნიას განმარტებით, დადასტურებულ შემთხვევათა უმეტესობა „დონას“ კლასტერს უკავშირდება. კლასტერიდან გამომდინარე და, ზოგადად, ქვეყანაში არსებულ ეპიდსურათს სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აკვირდებიან.

„დღეს ქვეყანა კვლავაც რჩება მწვანე ზონაში. ეს გამოითვლება 100 ათას მოსახლეზე ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით. ბოლო ორი კვირის ჯამური მაჩვენებელი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის 7 - 100 ათას მოსახლეზე. ათის ჩათვლით ეს ითვლება, რომ არის მწვანე ზონა, იმ მოდელში, რომელიც ჩვენ დღეს გვინდა საბჭოს გავუზიაროთ, ყვითელი ზონა არის 100 ათას მოსახლეზე 10-30 შემთხვევამდე, 30 შემთხვევის ზემოთ უკვე იგულისხმება წითელი ზონა“, - განაცხდაა თამარ გაბუნიამ მედიასთან საუბარში.

24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდან 6 შემთხვევაა, - ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს მიაწოდა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში 34-ით გაიზარდა კორონავრუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და სულ 1684 შეადგინა.

5-ითაა გაზრდილი გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რიცხვია 1315. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG